იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უკანონოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქმიანობის გაგრძელება სასამართლო სისტემაში სურს.
სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სააპელაციო სასამართლოში მის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია.
"სასამართლო სისტემაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი რომ მაქვს, ამაში უკანონო არაფერია – მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს მდივნად აბსოლუტური უმრავლესობით ამირჩია და მათ მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ."- აცხადებს მურუსიძე.
რაც შეეხება გვირგვლიანის საქმეს, მურუსიძე თვლის, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერი იყო.
"კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში საქმე შემოვიდა, დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა – ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდადებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირდა. იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?!
საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს შედგება…" -აცხადებს მურუსიძე.