"ჩიკაგო მენიდის ქუჩებში", "მენიდში მამაკაცი სამი ტყვიით დაცხრილეს", _ ბოლო 2 დღეა, ამ სათაურებით ვრცელდება სტატიები ბერძნულ მედიასაშუალებებში. ადგილობრივი გამოცემები საქართველოს მოქალაქეზე, ქართული მართლმსაჯულების მიერ, უვადო პატიმრობამისჯილ ნუგზარ ბოჭორიშვილზე წერენ. "ქართველი ესკობარი", "კოკაინის მეფე", რომელიც ქართველ სამართალდამცველებს ბრალდებებს უყენებს," _ ასე გუშინდელ 9 საათიან კურიერში თამარ ბაღაშვილმა მოიხსენია ნუგზარ ბოჭორიშვილი. 21 მარტს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მენიდთან ახლოს, დაახლოებით, საღამოს 9 საათზე საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქეზე, ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როცა უცხო პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბოროტმოქმედებმა ავტომანქანა მთლიანად დაცხრილეს, ბოჭორიშვილი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. საბერძნეთის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღძრა.
საბერძნეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი ლიკვიდაციის მომზადებასა მცდელობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. ის ამ ფაქტს პირდაპირ უკავშირებს მისი და მისი ნათესავების მიმართ 2010 წელს საქართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ეხებოდა ე.წ. 220 კგ კოკაინის ტრანზიტით შემოტანას კოლუმბიიდან საქართველოში და შემდგომ ევროპის ქვეყნებში გადაზიდვას. 2010 წლის 3 დეკემბრის ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნუგზარ ბოჭორიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკულ დანაშაულში, ასევე იარაღის შეძენა- შენახვა-ტარება – გასაღებასა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში. მას დაუსწრებლად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მასთან ერთად მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილს, რომან მესუმიანს და მევლუდ სვანიძეს 30 და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. არც ერთი მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორც ადვოკატები მიუთითებენ, მთელი სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ პოლიციის მიერ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს ემყარება.
მანანა კობახიძე: "ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას ტელეფონით უკავშირდებოდნენ ეროვნებით ქართველი, მისთვის უცხო პირები. საუბარში ისინი ახსენებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დათა ახალაიას და ბოჭორიშვილს ემუქრებოდნენ. მისგან ითხოვდნენ საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე შეხვედრას."
"გურია ნიუსი" ექსკლუზიურად გთავაზობთ ამ ჩანაწერის სრულ ვერსიას.
უცნობი: ალო, გამარჯობა, ჯიგარო…
ნუგზარ ბოჭორიშვილი: რომელი ხარ?
უცნობი: შენ ძალიან კარგად იცი, რომელი ვარ.
ნუგზარ ბოჭორიშვილი: ააა, ახალაიას ბიჭები?
უცნობი: მომისმინე აქეთ, ხვალე, 2 საათზე საქართველოს საელჩოსთან მოხვალ. დათა რასაც დაგელაპარაკება, ყველაფერი ეგრე იქნება. მოთანხმებულია ყველაფერი მაღალ დონეზე.
ნუგზარ ბოჭორიშვილი: მომისმინე, ერთი წუთით…
უცნობი: არ მინდა მე შენი მოსმენები და ისენი ეხლა. ევროსასამართლოებში იმეებს თავი გაანებე.
ნუგზარ ბოჭორიშვილი: თუ რამე გინდათ, წინადადებებით მიმართეთ ადვოკატებს.
უცნობი: მომისმინე კაროჩე, ნუ ეთამაშები შენ შენს სიცოცხლეს, ბრატუხა!
ნუგზარ ბოჭორიშვილი: ნუ მემუქრები, რა!
უცნობი: მოიფიქრე შენ, რაზეც იყო ლაპარაკი?
ნუგზარ ბოჭორიშვილი: მომისმინე, მე მოვიფიქრე და კიდევ ერთხელ გეუბნები, ელაპარაკეთ ადვოკატებს!
უცნობი: ეს არის შენი ბოლო სიტყვა?
ნუგზარ ბოჭორიშვილი: კი, ეგ არის ჩემი ბოლო სიტყვა, თუ რაიმე გინდათ, ოფიციალურად შესთავაზეთ ადვოკატებს.
უცნობი: კაროჩე, მაშინ შენ შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა!
1 მარტს, ნუგზარ ბოჭორიშვილმა მუქარის ფაქტზე მიმართა ათენის პოლიციას, რაზედაც წინასწარი გამოძიება დაიწყო.
20 დღის შემდეგ, მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ბოჭორიშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ის ამ ყველაფერს საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას უკავშირებს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სამუდამო პატიმრობამისჯილ ნუგზარ ბოჭორიშვილთან.
"ათენის ერთ-ერთ რაიონში, მენიდში არის ტავერნა, სადაც, დაახლოებით, 9-ის ნახევარზე შევიარე სავახშმოდ. იქედან რომ გამოდიხარ, მარცხნივ არის ასახვევი, სადაც დაახლოებით, 3 კილომეტრიანი ტყიანი და დაუსახლებელი მონაკვეთია. მთისკენ მიდიხარ ამ გზით, სადაც გასართობი ცენტრია. იქ მეგობრები მეგულებოდნენ და წავედი. დაცვა აღარ წამიყვანია. დაახლოებით, 9 საათი იქნებოდა უკვე. ამ ტყიან გზაზე რომ მივდიოდი, უკნიდან ვიღაც დამეწია მანქანებით და ფარებს მინთებდა და თან მისიგნალებდა. დაახლოებით ისე, ნაცნობებმა რომ იციან ხოლმე, ფარების ანთებით გაჩერებას რომ განიშნებენ. შევანელე მოძრაობა და როგორც კი გაუსწორდა ჩემს ფანჯარას, ჩამოწია ფანჯარა. იგივეს გაკეთებას ვაპირებდი მეც, მაგრამ ხელი არ მქონდა მოკიდებული კნოპკაზე, რომ რაღაც რკინა დავინახე და სროლის ხმაც გავიგე. ნამდვილად ვერ გათვლი ასეთ რამეს, უბრალოდ ინერციით, ინსტიქტურად გადავვარდი უკან.
_ თვითონ მაშინვე მიიმალნენ?
_ არც ისე გვიანი იყო და შემხვედრი მანქანებიც მოძრაობს მაგ დროს. როგორც მახსოვს, საიდანღაც შუქმა დაარტყა და ამ დროს ის სწრაფად გაეცალა იქაურობას. ამ სროლის დროს, მინის ნამსხვრევები სულ თვალებში შემეყარა და მანქანით გზიდან გადავვარდი. გადმოვედი და დაახლოებით, 50 მეტრი ფეხით ვიარე, ვიფიქრე, რომ შეიძლება, უკან მობრუნებულიყვნენ და დავრეკე. Aამ დროს ვიღაც ბერძენიც ჩამოვიდა მანქანით და რომ დაინახა გადატრიალებული მანქანა, დაიწყო სადღაც რეკვა, ალბათ, პოლიციაში.
_ ჰგავდნენ ქართველებს, მოასწარით მათი დანახვა?
_ კი, ჰგავდნენ. როგორც მინიმუმ, ორნი ისხდნენ. Mმე მძღოლის გვერდით მჯდომმა მესროლა. როდესაც პოლიციამ მასრები ამოიღო, დაადგინეს, რომ რუსული წარმოების იარაღიდან იყო ნასროლი. ის მანქანა, საიდანაც მესროლეს, ძალიან ჰგავდა მანქანას, რომელიც, ბოლო 2 თვეა, ჩემს დევნაში მყავს შემჩნეული.
_ რატომ ადანაშაულებთ ქართველ სამართალდამცველებს, იქნებ, საბერძნეთში აქვს ვინმეს თქვენი ლიკვიდაცია განზრახული?
_ არა, ზუსტად ვიცი, რომ მასე არ არის. მე აქ არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს.
_ თქვენი ოჯახი, შვილები აქ ცხოვრობენ. მათზეც ხომ არ იყო რაიმე სახის მუქარა?
_ ჯერ არ სცალიათ, ეტყობა, ოჯახისთვის, თორემ თუ მოინდომეს, შეიძლება ჩემი და, რომელიც უბნის ექიმია, მექრთამე გახდეს. ან 16 წლის შვილი_ დამნაშავე. უყვართ მაგათ პატარა გოგოების ციხეში ჩასმა.
_ რატომ მაინც და მაინც ახალაია? რამე შეხების წერტილი მანამდეც გქონიათ მასთან?
_ ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეგ კაცი იძიებდა ამ ამბავს და მთელი საქმე მაგან გააყალბა. მეორეც, დამირეკეს და დათას სახელით მელაპარაკნენ, დათა რასაც იტყვის, ისე იქნებაო. 2 წელია, საბერძნეთში ვარ და არც არავის უსვრია ჩემთვის და არც არავის მოვუკითხივარ. საქმე სტრასბურგში რომ შევიდა, ახლა გავახსენდი ვიღაცას.
ახალაიების კაცი არ იყო ის, ფულს რომ მთხოვდა? ვინმემ გამოიძია და უთხრა ახალაიებს რამე? ახალაიების დაკვეთით არ მოკლეს გირგვლიანი?
მანანა კობახიძე: "გაცილებით ადრე, როცა ნარკოკარტელის საქმეზე ტალღა ახალ აგორებული იყო, ნუგზარ ბოჭორიშვილს თბილისიდან დაუკავშირდა კუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოთარ ლომინაძე, რომელიც ვინმე თოფურიძის (სავარაუდოდ, სოსო თოფურიძის) სახელით 3 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ, მის მიმართ ძებნის შეწყვეტას სთავაზობდა, რაზედაც ბოჭორიშვილი არ დათანხმდა. მან ადვოკატების მეშვეობით, 2011 წელს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა, გამოძიების დაწყება აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე გადასცა სატელეფონო ჩანაწერებიც, თუმცა დღემდე თანხის გამოძალვის ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა." ნუგზარ ბოჭორიშვილისა და მასთან ერთად სხვა მსჯავრდებული პირების საჩივარი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში თებერვალში გაიგზავნა. ადვოკატებმა საქმისადმი პრიორიტეტის მინიჭებაც ითხოვეს მომჩივანთა მიმართ, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული ძალზედ უხეში დარღვევების გამო. ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეამჩნია საკუთარ სახლთან საეჭვო გადაადგილებები და უცხო მანქანებით დევნა, რის გამოც ოფიციალური დაცვაც აიყვანა. მან ათენის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან მისი ლიკვიდაციით დაინტერესებულები.
P.S. 2010 წლის 2 ივნისს ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასი ათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს (?!). თავისი მოსაზრება კი იმით გაამყარეს, თითქოს, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს. ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს ფულთან ერთად, 220 კილო კოკაინი მართლა რომ აღმოეჩინათ. როგორც ამბობენ, სპეცოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ამბობენ იმასაც, რომ გრანდიოზულად გატელევიზორებულ უკოკაინო სპეცოპერაციას, ქალაქ ქუთაისის "კუდისა" და "სოდის" უფროსების თანამდებობებიც შეეწირა, საკმარისი მტკიცებულებების ვერ შეთხზვის გამო. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმეზე ბრიფინგი მოაწყო და პირდაპირ ეთერში გამოუტანა განაჩენი ბოჭორიშვილსაც და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებსაც. იმ დროისთვის, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ნარკოკარტელსა და დანაშაულებრივ ჯგუფზე საუბრობდა, ქართველი სამართალდამცავების მიერ ამოღებული ერთადერთი მტკიცებულება, ნუგზარ ბოჭორიშვილის სათბურიდან ამოღებული ფული იყო. საქმის მასალებს, კოკაინის სახით, რაიმე სახის მტკიცებულება დღემდე არ შემატებია…