თბილისის საქალაქო სასამართლო 2015 წლის 9 დეკემბერს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებისა და ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
რომლის მიხედვითაც, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმის განმხილველ მოსამართლეს ქრთამის აღებაში ამავე სპეცოპერაციისთვის მსჯავრებული პირების – ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები და ადვოკატი ადანაშაულებენ.
სასამართლოს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი მოკლებულია ყოველგვარ საღ აზრს, უფრო მეტიც მათი განცხადებები წარმოადგენს ცილისწამებას და მხოლოდ პირადი ეჭვები და ვარაუდები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე სახის დისციპლინარულ თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.
"საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს არ ჰქონიათ არცერთი სამართლებრივი შენიშვნა სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი (2015 წ. 23 ნოემბერი), ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ემსახურება არასწორი აზრის ჩამოყალიბებას მოსამართლესა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველი, რომელიც საქმეში სულ ორი კვირაა ჩაერთო სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად, ცილისმწამებლური განცხადებებით შემოიფარგლება.
მოსამართლესთან კომუნიკაციისას დაზუსტდა, რომ მან ბოლო ერთი წლის სასესხო დავალიანება წინსწრებით დაფარა, რომლის ოდენობა ბევრად ნაკლებია მოსამართლის შემოსავლის წლიურ ოდენობაზე. ამასთან, არასწორია ინფორმაცია სხვა სესხის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები მოკლებულია ლოგიკურ შინაარსს და წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინოს არამხოლოდ მოსამართლის, არამედ სასამართლო სისტემის იმიჯის შელახვა", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
ცნობისთვის, "კორტების საქმეზე" მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად, ქრთამი აიღო.
ფირცხალავას მეუღელმ ნინო ხვიტიამ და ცააძის დამ ირინა ცააძემ მედიას პრესკონფერენციაზე აჩვენეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ, გუშინ, ორი იპოთეკა წინსწრებით დაფარა.
შეგახსენებთ, "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენი 30 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5 ბრალდებულიდან განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ორი პირი ცნეს – ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე. მათ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
"ჩვენ გვქონდა ამის ეჭვები და დადასტურდა საბუთებითაც. ამ კაცს აქვს აღებული დიდი ოდენობით თანხა. აქ არის 10 ათას დოლარზე საუბარი. ბადრი კოჭლამაზაშვილს ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული და გუშინ მოხდა ამ სესხების დაფარვა, წინსწრებით", _ განაცხადა ირინა ცააძემ.
ნინო ხვიტიას განცხადებით კი, განაჩენი ყალბ მტკიცებულებებს ეყრდნობა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"ეს არის წმინდა პოლიტიკური განაჩენი, დაწყებული იქიდან, რომ, – რაოდენ ირონიის შემცველიც არ უნდა იყოს – ეს განაჩენი შედგება 41 გვერდისგან, დასრულებული იმით, რომ ემყარება სიყალბეს, ცრუ ჩვენებებს, ირიბი მოწმეების მიერ მიცემულ აბსოლუტურ სიცრუეს, უკანონოა, კონსტიტუციას აცდენილია. სტრასბურგში, ალბათ, თუ წაიკითხავენ ამ განაჩენს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მოსამართლეს თავზე დაახევენ", _ განაცხადა ხვიტიამ
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დარწმუნებულია, რომ დაცვის მხარე მსჯავრდებულთა უდანაშაულობას დაამტკიცებს.
"ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს მკვლელებად მოიხსენიებენ. როგორც ჩანს, მოსამართლე დაჰყვა, დაემორჩილა პოლიტიკურ განცხადებებს და, როგორც ეჭვები არსებობს, სხვა გარემოებებზეც ყოფილა გადაწყვეტილება მინდობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ყველა ის ცრუ მოწმე ვამხილოთ და ყველა ის მტკიცებულება მოვიპოვოთ, რაც ადასტურებს აი ამ უკანონო განაჩენის გამოტანას", _ განაცხადა ველიჯანაშვილმა.