რუსეთთან ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობის შემდეგ, თურქეთის მთავრობა იძულებულია ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგების ახალი გზები ეძებოს.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „1news.az“-ი თურქულ გამოცემა „Hurrıyet“-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთ-თურქეთის კრიზისის ფონზე ანკარაში გაზის იმპორტის ალტერნატიული გზების ძიება აქტიურად დაიწყეს, რომლის უმთავრეს მომწოდებლად ამ მომენტამდე რუსეთი რჩება. აქამდე თურქეთს მხარდაჭერა აზერბაიჯანმა და ყატარმა გამოუცხადეს, რომლებიც ოფიციალურ ანკარას გაზით მომარაგებას შეპირდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ თურქეთი ფსონის დადებას ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) დაჩქარებულ რეალიზაციასა და ყატარიდან გაზის იმპორტის ზრდაზე გეგმავს.
თურქული გაზეთის ინფორმაციით, თურქმენეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტისას, განსჯის უმთავრესი საგანი სწორედ ეს საკითხი გახდება.
ამავე დროს, თურქეთს მოულოდნელი მოკავშირე გამოუჩნდა. ოფიციალური ანკარისათვის სიურპრიზი აღმოჩნდა ისრაელის მთავრობის განცხადება, რომლის თანახმადაც ისრაელი მზადაა თურქეთს მიაწოდოს გაზი, რომელსაც ეს ქვეყანა ხმელთაშუა ზღვაზე მოიპოვებს. თურქული გაზეთის ინფორმაციით, საუბარია ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე, რაც რუსული იმპორტის ერთ მესამედს შეადგენს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამისთვის უახლოეს 3-4 წელიწადში ისრაელის სანაპიროებიდან თურქეთში დაახლოებით 500 კმ სიგრძის გაზსადენის გაყვანა უნდა მოხდეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved