ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაახლოებით ერთი თვის წინ ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ 700 ათასი ლარი გამოყო. სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.
აღნიშნულ თანხას კიდევ 350 ათასი ლარი მოყვა, რომელიც მთლიანად მოხმარდება 11-12 ოტომბრის ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენას. თხუთმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულშია დაგეგმილი აღნიშნული სამუშაოების განხორციელება და წლის ბოლომდე ყველა პროექტი უნდა დასრულდეს.
ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯება ქალაქში, სადაც 7 პროექტი განხორციელდება და მთლიანობაში 114 546 ლარი დაიხარჯება. აქედან 14 307 ლარი აღმაშენებლის პირველი ჩიხის სანიაღვრე არხის მოსაწყობად დაიხარჯება, 2013 ლარი – ზენაიშვილის ქუჩაზე იგივე სამუშაოსთვის იქნება საჭირო, ხოლო ურუშაძისა და ებრალიძის ქუჩების კვეთაზე ასევე სანიაღვრე არხის გასაწმენდად 7879 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, ლაშისღელის უბანში მდინარის გასწორხაზოვნებისთვის და არსებული ხიდის რეაბილიტაციისთვის 25 392 ლარი გამოიყო, ხოლო ხომერიკის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად – 28 623 ლარი. ხიდის აღდგენა ასევე მოხდება მშვიდობის ქუჩაზეც, რასაც 11 293 ლარი მოხმარდება.
ყველა ამ სამუშაოს ი.მ. "გიორგი ჯიბლაძე", შეასრულებს, ხოლო 25 039 ლარის ღირებულების პროექტს, რომელიც გორგასალის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და ცხაურის მოწყობას ითვალისწინებს, ი.მ. "ოთარ ჯაში" განახორციელებს.
ი.მ. "ოთარ ჯაში" ამ სამუშაოს გარდა შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილ ოთხივე საპროექტო სამუშაოში ფიგურირებს. საუბარია სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე და ცხაურების გაკეთებაზე, რაზეც მთლიანობაში 10 559 ლარი დაიხარჯება.
ორ – ორი პროექტი განხორციელდება ჯურუყვეთსა და ნინოშვილში. ჯურუყვეთში გ. მოქიას საცხოვრებელი სახლის გადახურვას და შიდა გზებზე ორი მილხიდის მოწყობას 8 901 ლარი მოხმარდება, ხოლო ნინოშვილში დაზიანებული ხიდისა და ვ. გოგუაძის საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენას – 25 834 ლარი. ყველა სამუშაოს შპს "გურია 2015" შეასრულებს.
ჩოჩხათში, ნიგოითში, აკეთში, აცანასა და გვიმბალაურში ასევე ორ – ორი ობიექტის რეაბილიტაცია მოხდება. ჩოჩხათში 17 458 ლარი მოხმარდება წიაღობნის უბანში დამეწყრილი გზისა და ხომერიკის ეზოსთან დაზიანებული მილხიდის აღდგენას (შემსრულებელი შპს "ახალი გზა"), ნიგოითის ადმინისტრაციის სოფელ ქვიანში ხიდის შესაკეთებლად 8 005 ლარი დაიხარჯება, ჩოლობარგში სანიაღვრე არხის გასაწმენდად კი – 5 190 ლარი (შემსრულებლები: ი.მ "ავთანდილ ფირცხალაიშვილი"და ი.მ. "მიხეილ მანთიძე").
აკეთში 24 804 ლარის დახარჯვა იგეგმება დავით ხუხუნაიშვილის ეზოსთან რკინა-ბეტონის ხიდის მოსაწყობად და კულტურის სახლისა და მასში განთავსებული საბავშვო ბაღის შენობის სახურავის შესაკეთებლად ( შემსრულებლები: ი.მ. "გოჩა ჩხაიძე" და ი.მ. "ივანე თოდრია").
აცანაში ი.მ "გოჩა ჩხაიძეს" 28 793 ლარის სამუშაოებს შეასრულებს, რითაც მ. ჩხაიძის ეზოსთან კედლის, მილხიდისა და ცხაურის, ხოლო გ. ჩხაიძის ეზოსთან ნაპირსამაგრის მოწყობა იგეგმება. რაც შეეხება გვიმბალაურს, აქაც ერთი შემსრულებელი- შპს. "ახალი გზა" იქნება, რომელიც სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და ლ. ზენაიშვილის სახლთან სანიაღვრე არხის პრობლემას 34 470 ლარით მოაგვარებს.
თითო-თითო პროექტი ერგო კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს. კერძოდ, სუფსაში ი.მ. "გურამ ბლაგიძე" რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს აღადგენს ( 11 866 ლარი), ღრმაღელეში შპს "ტალღა" კი წყალწმინდა-ღრმაღელის გადასასვლელი აღმართის აღდგენისთვის 19 670 ლარს დახარჯავს. ნიგვზიანში 24 204 ლარით მოხდება ნაპირსამაგრის მოწყობა, რომელსაც ი.მ "ვასილ ურუშაძე" შეასრულებს. ორი ადმინისტრაციული ერთეულის თითო-თითო პროექტი ერგო ი.მ "გიორგი რუსიას". ის მაჩხვარეთსა და ჩიბათში 10 200 ლარით სანიაღვრე არხებს გაწმენდს. მამათში კი ი.მ. "გიორგი ჯიბლაძე" ხიდის რეაბილიტაციისთვის 5 500 ლარს დახარჯავს.