1948 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, რომელიც ადამიანის უნივერსალურ და საყოველთაო უფლებათა დაცვას პოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს ამოცანად აცხადებს. ამ დღის უკან კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორია, მრავალი საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა ძალისხმევა დგას.
ადამიანის უფლებები უმთავრესი ეთიკური პრინციპებია, რომლებიც მარადიულ ფასეულობებად აცხადებს ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობას – მათ შორის ყველა განსხვავებათა მიუხედავად.
საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.
თუმცა, სამწუხაროდ, ჯერაც არ ვართ თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. მსგავსი მოვლენები რომ ავიცილოთ თავიდან, კვლავ ბევრი მუშაობა გვმართებს.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა იმგვარად, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ურყევი რწმენა – მათი უფლებების არც ერთი დარღვევა არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. საჭიროა ხელისუფლების კონსოლიდირებული მუშაობა უფლებათა დარღვევის სოციალურ, ეკონომიკურ, ყველა სხვა წინაპირობათა აღმოსაფხვრელად.
ამასთან, საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ საქმეს. უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც.
ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ. ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე.