მსოფლიოში პირველად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად 7 ლეკვი დაიბადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკელი მეცნიერების თქმით, ხელოვნური გზით ლეკვების დაბადება ბევრჯერ სცადეს, თუმცა წინა მცდელობების დროს, ემბრიონის გაყინვამ პრობლემები შექმნა, მაგრამ ახლა მათ ტექნიკა გააუმჯობესეს.
როგორც კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, მიღწევა გადაშენების პირას მყოფი ძაღლების ჯიშებს გადარჩენაში დაეხმარება.
ედინბურგის ვეტერინარული უნივერსიტეტის პროფესორს, დავით არგილეს მიაჩნია, რომ ეს მეთოდი დაეხმარება ადამიანებს სხვადასხვა დაავადებების შესწავლაში.
"ცხადია, რომ ძაღლებსა და ადამიანებს დაავადებების, სინდრომების და ბიოლოგიის მხრივ ბევრი საერთო აქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა მეთოდმა ადამიანის დაავადებების შესწავლას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს,"_ განაცხადა დავით არგილმა.
ლეკვები ზაფხულში დაიბადნენ, მაგრამ სამეცნიერო სამყაროში მათი არსებობის შესახებ ამ კვირაში გახდა ცნობილი.
მეცნიერებმა მომხდარს მედიცინაში წინგადადგმული ნაბიჯი უწოდეს.