10.12.2015 გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ,,გალფის" ბენზინგასამართ სადგურს მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლს ანაფორა ეცვა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ჯვარი არ ეკეთა. მძღოლი ნასვამი იყო და მართვის მოწმობა არ გააჩნდა.
ანაფორიანი მძღოლი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა და მანქანას არ ატანდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული წარმოება 116-ე მუხლის მე-8 პრიმა მუხლით დაიწყო
საქართველოსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 პრიმა მუხლი ასე ყალიბდება:
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის; მე-8 პრიმა ნაწილი: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მძღოლი სასამართლომ 400 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ მძღოლი პატრულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასულიერო პირებმა აცნობეს, ინციდენტის მონაწილე პირი ეკლესიიდან მოკვეთილი იყო და, სავარაუდოდ, სასულიერო პირის წოდებას თვითნებურად იყენებდა.