დღეს ლანჩხუთში "გურიასა" და ფოთის "კოლხეთის" მატჩით დაიწყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტური. ფოთელთათვის "ევგრაფი შევარდნაძის" სახელობის სარბიელი, ნამდვილად უცხო არ გახლავთ, რამეთუ ჩემპიონატის საშინაო შეხვედრებს ისინი უკვე რამდენიმე სეზონია ამ სტადიონზე ატარებენ და გარკვეულწილად სტუმრებადაც პირობითად ითვლებოდნენ.
ორივე გუნდი გვარიანი პრობლემებით დაუხვდა ამ მატჩს. "კოლხეთიც" და "გურიაც" რამდენიმე თვეა უფულოდ არის დარჩენილი და ინერციით ასრულებენ წლევანდელ სეზონს. გურულებს საკადრო პრობლემებიც დაემატათ, ზოგი ფეხბურთელი ტრამვირებულია, ზოგმაც კი კლუბი უკვე დატოვა და გაურკვეველია, მათი სამომავლო ბედი.
ნამატჩევს შედეგით ორივე გუნდის ქომაგი უკმაყოფილო ჩანდა. სტუმრები ფრემ იმიტომ გააღიზიანა, რომ აშკარად მოგება შეეძლოთ და არ გაუმართლათ. მასპინძლები კი საკუთარ ფეხბურთელთა უნიათო გარჯით აღშფოთებას ვერ მალავდნენ და ეს ქულაც კი ზედმეტად ეჩვენებოდათ.
არადა, "გურიასთვის" თამაში კარგად დაიწყო და მეტოქის აქტივობის ფონზე სწრაფი გოლიც გაიტანა. მარცხენა ფლანგზე შოთა ჯიქიამ საჯარიმოში კარის გასწვრივ პასი გააკეთა, სანდრო ბახიამ ბურთს მიმართულება კი ვერ უცვალა, მაგრამ იქვე დადარაჯებულმა ვანო წილოსანმა მარტოობა შეიშნო და საგოლედ მძლავრად დაჰკრა.
ამის შემდეგ თამაში წყნარ კალაპოტში მოექცა და შესვენებამდე თანაბარი, უშინაარსო ბურთაობა შეინიშნებოდა.
მეორე ტაიმში კოლხებმა მოუმატეს და მეტოქეს ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს. ენით ვერ აღწერს კაცი იმ უპირატესობას, რომელიც გურულების უნიათო თამაშის შემხედვარე სტუმართ ებოძათ. გიალო ჩხაიძის გუნდის გარჯას კი თამაში ნაღდად არ ეთქმოდა. ეს ნამდვილი ანტიფეხბურთი იყო, რომლის შემხედვარე ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგიც კი ნირწამხდარი დარჩებოდა.
"კოლხეთმა" მხოლოდ ერთხელ, 70-ე წუთზე იხეირა გოლით, რომელიც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, გოჩა კვარაცხელიამ გაიტანა თავით. ამას გარდა მინიმუმ 5 რეალური საგოლე ეპიზოდი გაანიავა, აქედან სამჯერ ცარიელი კარიდან ბურთი ლუკა ნოზაძემ გამოიტანა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო "გურიას" შემადგენლობაში. ამას გარდა კოლხებს სამჯერ სახიფათო საჯარიმოს დარტყმა მოუწიათ და ლანჩხუთელთა ბედი, რომ არ თამაშობდა ალეკო კოშკაძე, რომელიც ისედაც განაწყენებულია ყოფილ კლუბზე და ესეც რომ არა, ამ სამიდან ერთ საჯარიმოს უცილობლად ასახავდა გოლად.
მოკლედ მას შემდეგ რაც გურულებმა ბათუმის "დინამოსთან" საშინაო შეხვედრაში 23 ნოემბერს აიღეს ბოლო ქულა, ეს ფრე პირველი გამოდგა და ზამთრის შესვენებას ისინი მეცამეტე ადგილზე, 10 ქულის ამარა დაუხვდნენ. თუ რა თქმა უნდა თერჯოლის "საპოვნელამ" არ მოუგო საჩხერის "ჩიხურას" და ერთი ქულით არ გადაუსწრო. ამ ქულათა მარაგის უმეტესობა „გურიამ“ ჩემპიონატის სტარტზე აიღო და ის ღრმა კრიზისი, რომელიც თვალშისაცემია, კლუბში სამომავლო ცვლილებებს აშკარად მოითხოვს. მანამდე კი 700 ათას ლარზე მეტი დავალიანებაა გასასტუმრებელი და მეორე წრისთვის სხვა საჭირო თანხებია მოსაძებნი. ეს კი დიდი თავსატეხი რომ იქნება მუნიციპალიტეტისათვის, ეს აქედანაც კარგად ჩანს.