თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებების ნუსხას აქვეყნებს.
საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და ფესტივალი გაიმართება.
25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო, ხოლო 3 იანვარს თბილისის მერიის ბიგ-ბენდის საახლაწლო კონცერტები გაიმართება. გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო ატივობებით. ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს "ბასტი-ბუბუსა" და "ბზიკების" სტუდიის ბავშვები გამართავენ. მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. 10 დღის განმავლობაში საახალწლო ქალაქი ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლებს.
31 დეკემბრის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. მიშა მდინარაძის საავტორო პროექტი ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. თავისუფლების მოედანზე შექმნილ ჯადოსნურ ატმოსფეროს მოცეკვავეები ვალსის ცეკვით გაალამაზებენ. სტუმრები 2016 წელს ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე შეეგებებიან. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები.
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს საკრებულოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა და ბიუჯეტი განიხილეს. 10 დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 499 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საახალწლო განწყობას წელს 700 ზე მეტი მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი შექმნის.