საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე:
მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის 2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. აღნიშნული გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების – ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა 4 საავტომობილო გზაზე:
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე.