"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ერთერთი მათგანი წარმოშობით ოზურგეთელი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ავთო გიორგაძეა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ -გამომძიებლად მუშაობს. გიორგაძე გურიის პოლიციაში ნარკოლოგიური სამსახურის უფროსი იყო, ის ინფორმაციას მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, არც უარყოფს და არც ადასტურებს:
"ჩემთვის ოფიციალურად არავის არ უთქვამს, საუბრები ადრეც იყო და ახლაც არის, მიკავშირდებიან და მეკითხებიან , ინიშნებიო? შენ თუ არ იცი, ჩვენ ვიცითო, მპასუხობენ, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით" _ ამბობს ავთო გიორგაძე.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძის შესაძლო დაბრუნებას არ გამორიცხავენ ადგილობრივი პოლიციელებიც, თუმცა ამ ინფორმაციას გამორიცხავს თავად მდინარაძე.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე განიხილება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის შოთა ბარათაშვილის კანდიდატურაც.
აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის სურვილი ასევე გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დეტექტივების სამმართველოს უფროსს ბესო ბოლქვაძესაც გააჩნია, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას არ უარყო ბოლქვაძემ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ჯერჯერობით არავინ დაუნიშნავთ.