ჩოხატაურის ავტოსკოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს. როგორც სკოლის დირექტორი ბახვა ცინცაძე ამბობს, ოც წელზე მეტია, ამ საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებს. სკოლას ოთხი თანამშრომელი ჰყავს და მათ შორის, უხუცესი ბატონი ჯემალ ვაჩეიშვილია.
_ ავტოსკოლაში 20 წელია ვმუშაობ. მე ვარ ამ სკოლის დირექტორი. სკოლა ფუნქციონირებს ძველი დოსააფის ბაზაზე. ის დააფუძნა აწ გარდაცვლილმა მამაჩემმა, რომელმაც აქ 25 წელი იმუშავა. ამჟამად შემორჩენილი ვართ სულ ოთხი თანამშრომელი. ჩვენ შორის უხუცესია ბატონი ჯემალ ვაჩეიშვილი, რომლისთვისაც 51-ე სეზონი დაიწყო ამ სკოლაში. ბატონ ჯემალს სხვაგან, ფაქტობრივად, არც კი უმუშავია. სკოლის შესანარჩუნებლად ძალიან დიდი შრომა გავწიეთ მე, ბატონმა ჯემალმა და დოდო კუკულავამ (ბუღალტერი გვყავდა, ძალიან კარგი ქალბატონი, ამჟამად პენსიაშია). შევინარჩუნეთ ეს სკოლა მაშინ, როცა შენობა-ნაგებობები იძარცვებოდა. ფაქტობრივად, ყველაფერი გადავარჩინეთ _ ის სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც გვყავდა, _ ამბობს ბახვა ცინცაძე, _ დღესდღეობით, ჩოხატაურის ავტოსკოლა არის ერთ-ერთი ძველი, მოქმედი სკოლა გურიის რეგიონში, რაც ძალიან მახარებს. ჩვენთან ერთად მუშაობენ დემურ ვაჩეიშვილი, ზაზა მეფარიშვილი, ლალი ვახტანგიშვილი. ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ეს სკოლა ფუნქციონირებს.
_ მოსწავლეების სიმცირეს ხომ არ უჩივით?
_ ამჟამად 12 მოსწავლე გვყავს.
_ ქალბატონები თუ არიან მათ შორის?
_ როგორ არა _ ყოველი ათ მოსწავლიდან ერთი ქალბატონია.
_ თქვენ, როგორც ავტოსაქმის პედაგოგი, რას ფიქრობთ ყბადაღებულ თემაზე _ "ქალი საჭესთან" და როგორი მოსწავლეები არიან ქალბატონები?
_ 20 წლის წინ, როდესაც მუშაობა დავიწყე და ქალბატონი დავსვი საჭესთან, ყველა გაკვირვებული გვიყურებდა, მაგრამ დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მანქანა დღეს ფუფუნების საგანი აღარაა _ ისეთივე აუცილებელია, როგორც ტელევიზორი ან მაცივარი ოჯახში. სიმართლე გითხრათ, ქალბატონებს ცოტა კი უჭირთ მართვის ათვისება, განსაკუთრებით, პრაქტიკის.
_ გინდათ თქვათ, რომ ქალები ნაკლებად პრაქტიკულები არიან?
_ მაგის საპირისპიროსაც გეტყვით _ ქალბატონებს პრაქტიკის ჩაბარება უჭირთ, ბიჭებს კი _ თეორიის. ასე რომ, მე და ჯემალს გადანაწილებული გვაქვს საქმე. საერთოდ, ძალიან საინტერესოა ქალბატონებთან მუშაობა _ ერთი ახალგაზრდა ქალი მყავდა მოსწავლე. როგორ არ ავუხსენი, ვერა და ვერ ვასწავლე მანქანის ტარება. ბოლოს ვუთხარი, ფეხებში მიყურე, ბიძია,-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა _ "ბახვა მასწავლებელო, მაი ფეხებში ყურება ქე მასწავლა ჩემმა ქმარმა, თქვენ ახლა სხვა მასწავლეთ რამეო".
_ სწავლის ღირებულება რამდენად ხელმისაწვდომია?
_ წინა წლებში ნაკლები იყო მოთხოვნა, არ ჰქონდა ხალხს ფინანსური საშუალება. ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენთან მოსულ მოსწავლეებს _ ზოგს რამდენიმე ეტაპად ვახდევინებთ გადასახადს; თუ შეჭირვებული ოჯახიდანაა, შეღავათს ვუწევთ. ყოფილა შემთხვევები, საერთოდ არაფერი გადაგვიხდევინებია.
_ რამდენად წარმატებულად აბარებენ გამოცდებს თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები?
_ საკმაოდ წარმატებულად. ჩვენ _ მე და ბატონი ჯემალი, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ, უდიდეს შრომას ვდებთ, რომ წარმატებული კონტიგენტი გვყავდეს. მართალია, ანაზღაურებისთვის ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი ანაზღაურება წარმატებულად ჩაბარებული გამოცდაა. ბედნიერები ვართ, როცა მოსწავლე დაგვირეკავს და გვეტყვის, რომ გამოცდა ჩააბარა. მერწმუნეთ, მაგაზე დიდი ანაზღაურება არ არსებობს. ეს გვაცოცხლებს მე და ბატონ ჯემალს.
_ ზემოთ ახსენეთ, რომ ძველი მანქანები შეინარჩუნეთ. რამდენად გამართულია დღეს თქვენი ტექნიკა?
_ კარგად გამართული სატრანსპორტო საშუალება გვყავს _ სულ ხუთი მანქანა. მათ შორის, ორი თანამედროვე "შკოდა ფაბია" _ ერთი არის მექანიკური გადაცემათა კოლოფით, მეორე _ ავტომატურით. ვფიქრობ, რომ მომავალი ავტომატიკისაა და ქალბატონებს მაინც ვურჩევ ავტომატიკის ჩაბარებას. გვყავს სატვირთო მანქანა, აგრეთვე _ ძველი "ჟიგული", რომელსაც ვერა და ვერ ველევით. რაც შეეხება მოედანს, ჩვენი მოედანი ძალიან მიმსგავსებულია საგამოცდო მოედანს.
ჩვენი მიზანია, ჩოხატაურის ავტოსკოლამ იარსებოს. ჩვენ აქამდე მოვიტანეთ და აწი გვინდა ცოტა წამოშველება.
_ თქვენს მოსწავლეებში არ გამოჩნდა ისეთი, ვინც "წამოგეშველებათ"?
_ კი, არის ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული. ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და შემდეგ ვფიქრობ, რომ მისგან
კარგი პედაგოგი დადგება. მაგრამ კიდევ გვჭირდება ვინმე.
სულ ჩვენ ხომ არ ვიქნებით?! შემდეგაც უნდა გაგრძელდეს ეს საქმე. მართალია, ჩოხატაური პატარა რაიონია და მაინც და მაინც დიდი კონტიგენტი არ გვყავს, მაგრამ ავტოსკოლა მაინც უნდა არსებობდეს.
ავტოსკოლის დირექტორთან საუბრის შემდეგ, ჯემალ ვაჩეიშვილის საინტერესო გაკვეთილს დავესწარით.
_ ერთი ბედნიერებაა ბატონ ჯემალთან ურთიერთობა, _ გვითხრეს მოსწავლეებმა, ბატონმა ჯემალმა კი ძალიან მორიდებულად აღნიშნა რომ სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და რესტავრაციას საჭიროებს:
_ 51-ე წელია სკოლაში ვმუშაობ. ეს შენობა ექსპლოატაციაში 1970 წელს გავიდა და მას შემდეგ აქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. კარგი იქნება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თუ გამონახავს სახსრებს ან ვინმე სპონსორი გამოჩნდება, ვინც სკოლის რაღაც ნაწილს მაინც შეაკეთებს.