"ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც პარიზის ტერაქტამდეა გადაღებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვიდეოში ჩანს, როგორ კლავენ ტერაქტში მონაწილე პირები პატიმრებს და სამხედრო ტრეინინგებს ატარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ფოტოებით მთავრდება, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავია იერიშებს ემხრობიან.
მაუწყებლის ინფორმაციით ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
ფრანსუა ოლანდის თქმით, ვიდეო საფრანგეთს ვერ შეაჩერებს, რომ ტერორიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს.
"ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს. არანაირ საფრთხეს არ შეუძლია საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეასუსტოს,"_განაცხადა ოლანდმა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა სირიაში დაიგეგმა, მაგრამ მომზადებული და ორგანიზებული ბელგიაში იყო.
როგორც ცნობილია, 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.