ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორ "გურია ნიუსს" სოფლის მკვიდრმა ნაილი ბაჯელიძემ აცნობა, შიდა სასოფლო გზები გაუწმენდავია, თოვლის საფარი კი 80 სანტიმეტრია.
"მეოთხე დღეა არ გვაქვს შუქი და გზა. მანქანა ვერ მოდის ჩვენამდე, სახლში ავადმყოფი მყავს და ასე უყურადღებოდ შეიძლება ვიყოთ?! ერთი ტრაქტორი მაინც გამოგზავნონ რომ გზა გაიკვალოს. ერთი უბანი სართოდ მოწყვეტილი ვართ გზას. უბანში ძირითადად მოხუცებია დარჩენილი და ჩვენი პატრონი არავინ არ არის", _ ამბობს ბაჯელიძე.
მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში თხინვალში გზა არ გაწმენდილა.
"საერთოდ არავინ გამოჩენილა, არც არავის უკითხავს ჩვენი ამბავი. არც გზა გაწმენდილა. დაახლოებით, 80 სანტიმეტრია თოვლი. მთავრობა და პატრონი რომ გვყავდეს, თქვენ კი არ დაგირეკავდით. არავის აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა. მიცვალებული გვყავს სოფელში და გზა არ არის რომ დავასაფლაოთ. ეკლესიამდეც არ გაიკვალა დღეს გზა. კვაჭანტირაძეები ვართ ამ უბანში ძირითადად და მოწყვეტილი ვართ სოფლის გაღმა მხარეს. არც დეპუტატია ჩვენთან, არც გამგებელი და არც არავინ გვყავს ქვეყანაზე პატრონი", _ უთხრა "გურია ნიუსს" ნაილი ბაჯელიძემ.
შეგახსენებთ რომ, "გურია ნიუსის" ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 557 10 02 41!
ყველა მოქალაქეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ!