ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, – ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს.
საგარეო უწყებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტებზე მინისტრთა კაბინეტის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრეზენტაციები, უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ, მიხეილ ჯანელიძემ და დავით ბაქრაძემ გამართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტულად დაასახელა ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერება, რაც პარტნიორ ქვეყნებთან, პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2016 წელს ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს – ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები; ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების კოორდინაცია; ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია; მოსახლეობასთან სტრატეგიული კომუნიკაცია, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ დახმარების პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველო, სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირისგან იღებს.
გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელზე ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში იმსჯელებს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია მოხდება.