ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და კომპანია "ტრანსფორდს“ შორის დავა გრძელდება. ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიები "ჯეესკო" და "პრომეტკო ჯორჯია“ იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც კომპანიებს 2010 წელს ს.ს. "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ 25 წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მიადგათ.
მოსარჩელე მხარე ორივე კომპანიისთვის 70 მლნ ლარამდე თანხას ითხოვს.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძემ განიხილავს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება 3 თებერვალს უნდა გამოიტანოს.
კომპანია "ტრანსფორდის" ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი სააგენტო ინტერპრესნიუსთან ამბობს, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანე ჩხარტიშვილსა და მოსამართლე გიორგი სულაკაძეს შორის გარკვეული გარიგება არსებობს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ასეთ აშკარა დარღვევას ვერ გაბედავდა. საქმე გვაქვს სრულიად კურიოზულ ვითარებასთან. მოსამართლე არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქმე ეხება ფოთის სასამართლოს 2015 წლის სექტემბრის განჩინებას, რომლითაც ორი საქმე გაერთიანდა. ფოთის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და გაიერთიანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძის წარმოებაში არსებული საქმე.
ასეთ შემთხვევაში კანონით სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე არ დაიშვება. მოსამართლე სულაკაძე ვალდებული იყო უპირობოდ გადაეგზავნა საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან საქმეს ნომერი არ გააჩნია. ფოთის სასამართლომ გაერთიანებულ საქმეს ახალი ნომერი მიანიჭა. აქედან გამომდინარე, მოსამართლე არ ასრულებს კანონის მოთხოვნას, ხელს უშლის ფოთის საქალაქო სასამართლოს მუშაობას.
ამასთან, მან მანამდე კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით, ორი საქმე გააერთიანა. კომპანიების: "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიას" საჩივრები "ფოთის საზღვაო ნავსადგურის", კომპანია "ტრანსფორდისა" და "რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს" მიმართ", _ აღნიშნა ბარათაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, მათ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მთავარ პროკურატურას, რადგან მოსამართლის ქმედება სისიხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. კეძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობაა.
ბარათაშვილის ამ განცხადებას განცხადებით პასუხობს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალაძე, რომლის თქმით “ოპონენტები მოსამართლეზე ზეწოლას ყალბი დოკუმენტების გადასაფარად ახდენენ”
„დღეს ხელისუფლება არ ერევა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დღეს პროკურატურა სასამართლოს არ აძლევს მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის დავალებებს. დღეს, განსხვავებით 2010 წლისაგან, ვანო ჩხარტიშვილის ოპონენტები მოკლებულნი არიან ზემოქმედების ამგვარ ბერკეტებს. ამიტომაც, გასაგებია თუ რატომ გადაინაცვლეს მათ სასამართლო დარბაზებიდან საჯარო სივრცეში და რატომ ცდილობენ უკანონოდ მოპოვებული აქტივების შესანარჩუნებლად სასამართლოს დაშანტაჟებას.
საქმე კი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, იურიდიულ ნიუანსებთან წვდომის მიუხედავად, შეუძლია მისი შეფასება. ერთ მხარეს ვართ ჩვენ, რომლებსაც ფოთის ნავმისადგომების იჯარის უფლება უკანონოდ ჩამოგვართვეს და მეორე მხარეს არის სააკაშვილის ფავორიტი ბიზნესმენი, კომპანია „ტრანსფორდის“ მფლობელი სოსო დოლიძე.
ერთ მხარეს არის სიმართლე, და მეორე მხარეს არის გამოგონილი მიზეზები და ყალბი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ფოთის საქალაქო სასამართლომ 2010 წელს მოძალადეებს ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესის წართმევის დანაშაულებრივი სქემა დაუკანონა, ხოლო 2015 წელს უარი განგვიცხადა ახალ გარემოებად მიეჩნია ამ სიყალბის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და განეახლებინა დავა.
ერთ მხარეს არის ქართული სამართალი და მოსამართლე, ხოლო მეორე მხარეს, მოძალადე, რომლისთვისაც უკანონოდ მოპოვებული ქონების დაცვისთვის, არც სამართალი არსებობს და არც მოსამართლეზე ზეწოლას ერიდება. სამართლებრივ ნონსენსად წარმოაჩენს მოწინააღმდეგე მხარე საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვას. არადა გაუგონარი სამართლებრივი აბსურდი და წარსულთან შეხვედრის მცდელობაა ფოთის სასამართლოს საეჭვო აქტიურობა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმე დაექვემდებარებინა. ეს ყოველივე ცნობილია ოპონენტებისთვის, მაგრამ მათთვის ისიც ცხადია, რომ საქმე წაგებულია და ხმაურითა და აჟიოტაჟით ცდილობენ მოსამართლეზე ზეწოლას.
ერთ მხარეს არის სამართლიანობის აღდგენის კანონიერი მოთხოვნა და მეორე მხარეს- ცრუ ექსპერტები, რომლებმაც, ნავმისადგომების ამწეების მდგომარეობის შესახებ ისე დაწერეს უარყოფითი დასკვნა ,საქართველოს საზღვარიც კი არ გადმოუკვეთავთ. არადა ეს ყალბი დოკუმენტი გახდა ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის იჯარის უკანონოდ გაუქმების იურიდიული საფუძველი.
რასაკვირველია, სამართლიან სასამართლო პროცესს მოვიგებთ სადაც არ უნდა გაიმართოს იგი: ფოთში, თბილისში, ქუთაისში თუ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. მოვიგებთ ყველა პროცესს, რომელიც ამ დავას ეხება და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, რადგან მთავარი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, უბრალოდ ყალბია.“ _ აღნიშნულია დვალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.