განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით "ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზოგადი განათლების ხარისხმა აიწიოს და მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს":
_ მთელი სისტემა შეიცვალა იმისთვის, რომ პედაგოგს შესაბამისი მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების საშუალება მისცემოდა. გაიზარდა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც შესრულებულ სამუშაოსთანაა მიბმული. ეს მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდის საშუალებაა, _ აღნიშნა მინისტრმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
მისი თქმით, მოხდა სასკოლო სახელმძღვანელოების და სასწავლო გეგმის გადამუშავება, თუმცა "სასკოლო ინფრასტრუქტურა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან ყველაზე მეტ რესურს მოითხოვს"
2030-ში საუბრისას სანიკიძემ იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია ახალი სტანდარტებით უნდა გაიარონ:
"აკრედიტაციისა და ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებს 4 სტანდარტი დაემატა. 5 წლიანი ავტორიზაციის პროცედურიდან 6 წლიანზე გადავდივართ, ხოლო 5 წლიანი აკრედიტაციის პროგრამიდან – 7 წლიანზე. ახალი სისტემით, მაქსიმალურად მოხდება უნივერსიტეტების რესურსების შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ სტუდენტებს ხარისხიანი სერვისი მიეწოდებათ.
შეიქმნა ელექტრონული სისტემა, რომელიც ადამიანური რესურსების მინიმიზაციას და შეცდომების დაშვების აღკვეთას უზრუნველყოფს.
ავტორიზაციის პროცედურებს 2016 წლის სექტემბრიდან ვიწყებთ. ამის შემდეგ, ავტორიზირებულ სასწავლო დაწესებულებებს აკრედიტაციისთვის მოსამზადებლად კიდევ 1 წელი ექნებათ.
2016 წლის ბიუჯეტში, მათი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის საჭირო პროცედურების ხელშემწყობი სახსრები გათვალისწინებული გვაქვს. კანონში შეტანილი ცვლილებები უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან იქნა შეთანხმებული." _ თქვა მინისტრმა.