ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის შედეგების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს ოფიციალური შედეგები მკვეთრად განსხვავდება ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული მცდარი ინფორმაციისგან, რაც მათ კერძო ინტერესების მქონე ფიზიკურმა პირებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა გადასცეს.
არჩევის პროცესი წარიმართა კანონის შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კანონით დადგენილ ვადებში არჩევის შესახებ ცესკოს არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასამართლოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა სრული რაოდენობა 380 პირით განისაზღვრება. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების 5 წლიანი ვადის გასვლის გამო, 193 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი. ცესკოს, 4 თებერვლის სხდომაზე არჩეულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების 182 წევრი, აქედან 113 ქალი და 69 კაცი.
ცესკოს სხდომას ესწრებოდა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა – 13 წევრი. გამარჯვების მოსაპოვლებად კანდიდატს უნდა დაეგროვებინა დანარჩენ კონკურსანტებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ 7 ხმისა.
სახელობითი კენჭისყრის სტატისტიკა შემდეგია:
13 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 28 წევრი;
12 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 35 წევრი;
11 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 34 წევრი;
10 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 24 წევრი;
9 ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 61 წევრი.
არჩეულ წევრთაგან 55 პირი არის საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედი წევრი, რომლებიც აირჩნენ ხელახალი ვადით. ამავდროულად, არჩეულთა შორის არიან როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებით წევრებად მუშაობის გამოცდილების მქონე 81 პირი, ისე საუბნო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა არჩევნებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 25 პირი. ცესკო, ასევე მიესალმება საარჩევნო გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების არჩევას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად.
არჩეულ პირთა სია, ცესკოს 4 თებერვლის სხდომის ოქმი და სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განკარგულებები, არჩევის პროცესის დასრულებიდან მეორე დღესვე, 24 საათის განმავლობაში განთავსდა ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.