თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოებს ოფიციალური განცხადებით პასუხობს.
"სოციალური ქსელების საშუალებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი წევრის მიერ ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოები, რომ თითქოს სპეციალური ტექნიკა, რომელზეც განთავსებულია თბილისის მერიის საშვი, ციხისძირში გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფოტოებზე აღნიშნული ავტომანქანები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკუთვნის. რაც შეეხება ტექნიკაზე განთავსებულ საშვებს, ისინი თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით გაიცა და მხოლოდ სტიქიის ზონაში გამოიყენებოდა. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საკუთარი სპეციალური ტექნიკით არაერთი კომპანია იყო ჩართული და სრულიად შესაძლებელია, ფოტოზე აღნიშნული ავტომანქანებიც რომელიმე კომპანიის საკუთრებაა", _ ნათქვამია განცხადებაში.