"გურია ნიუსის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
საქმე ეხება 2015 წლის 18 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობის დროს, ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს, სადაც გურიის გუბერნიის თანამშრომელმა ნესტორ რამიშვილმა გამოცემის ჟურნალისტს ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა და შეურაცხყოფა მიაყენა.
მიზეზი კი ჟურნალისტის შეკითხვა გახლდათ იმის შესახებ, თუ რომელი კანონის საფუძველზე იმყოფებოდა საჯარო მოხელე სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე.
„ვინ ხართ, რა უფლებით მისვამთ შეკითხვებს, ვინ გეკითხებათ, სად ვარ?!! თქვენ მოგიტ….ნთ!“ _ გინებასაც არ მორიდებია რამიშვილი (ვიდეო იხილეთ ამ ლინკზე).
ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო და რამიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მომხდარზე მოკვლევა სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საქმე 154-ე მუხლით აღიძრა.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.