ჯვრისწერას, შესაძლოა, იურიდიული ძალა მიენიჭოს, _ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაციით, ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და მისი განხილვა 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. თუმცა, მოგვიანებით, სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი კანონპროექტი ჯერჯერობით არ არსებობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობით ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის დარეგისტრირებული. შესაბამისად, იმ წყვილებს, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, სამოქალქო უფლება-მოვალეობები არ წარმოეშობათ თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, ასევე, ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხვევაში მეორეს არ წარმოეშობა ქონებრივი უფლებები, რაც ფინანსურ და პროცედურულ სირთულეებს ქმნის, გარდა ამისა, თუ წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, ბავშვის მამობის აღიარების საკითხიც რთულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამართლებრივი გარანტიების შექმნას, რისთვისაც საქართველოს მთავრობას, საპატრიარქოსა და მოქალაქეებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო.
მანამ, სანამ სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს შეიტანს, "გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ მოქალაქეები აღნიშნულ ინიციატივაზე – უნდა ჰქონდეს თუ არა ჯვრისწერას იურიდიული ძალა?
ანი ჩიკაშუას თქმით, ჯვრისწერა ეკლესიის საიდუმლოებაა და მთავრობას მასში ჩარევის უფლება არ აქვს.
"ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეკლესიის საიდუმლოებაა და, შესაბამისად, მთავრობის ჩარევის უფლება არ აქვს,"_ ამბობს ჩიკაშუა.
ჩიკაშუას მსგავსად ფიქრობს მანანა გაბაძეც
"ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ უნდა მიენიჭოს, რადგან ის ღმერთთან კავშირს წარმოადგენს, რელიგიური თემაა და კონსტიტუციასთან კავშირი არ აქვს,"_ აღნიშნა მანანამ.
თუმცა, მოქალაქე მზია თედორაძე ამბობს, რომ თუ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭება, ოჯახები ნაკლებად დაინგრევა.
"ჯვრისწერას ძალიან დიდი ძალა აქვს და თუ იურიდიული ძალაც მიენიჭება წყვილების უმეტესობა ჯვარს დაიწერს, შესაბამისად, ოჯახებიც ნაკლებად დაინგრევა,"_ ამბობს თედორაძე.
ანა თათრიშვილის თქმით კი, ჯვრისწერა ღვთიური კავშირია და იურიდიულ სისტემაზე მაღლა დგას.
"ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ უნდა მიანიჭონ, იმიტომ რომ ღვთიური კავშირია და ყოველგვარ იურიდიულ სისტემაზე მაღლა დგას,"_ თქვა ანამ.
გიორგი ოქროპირიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალის მინიჭება არ სჭირდება.
"ჯვრისწერას იურიდიული ძალის მინიჭება არ სჭირდება, იმიტომ რომ უფალთან კავშირშია" _ ამბობს გიორგი ოქროპირიძე.
მოქალაქე თეონა მსხვილიძის თქმით კი, ჯვრისწერისთვის იურიდიული ძალის მინიჭება კარგი იდეაა.
"ჯვრისწერისთვის იურიდიული ძალის მინიჭება კარგი იდეაა, წყვილებს უფრო ექნებათ საშუალება სამოქალაქო ქორწინებასა და ჯვრისწერას შორის არჩევანი გააკეთონ,"_ ამბობს მსხვილიძე.