სატყეო რეფორმის თაობაზე იმსჯელეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
როგორც სხდომაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, ტყის კოდექსი 1999 წელს იქნა მიღებული, თუმცა განვლილი წლების განმავლობაში ეს სფერო მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
მისი თქმით, ტყის ფონდის ლიცენზირების პროცესმა და სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანმა გამოყენებამ ვერ უზრუნველყო საერთო კეთილდღეობის ზრდა, შემცირდა სახელმწიფო სარგებელი და გაუარესდა ტყეების მდგომარეობა.
მხოლოდ 2009-2013 წლებში ათეულობით ცვლილება შევიდა მოქმედ კანონმდებლობაში. შეფერხდა მდგრადი მეტყევეობის განვითარება, რამაც დღის წესრიგში დააყენა ახალი კანონმდებლობის შექმნა.
კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, სატყეო სფეროს რეფორმა აქტიურად 2013 წელს დაიწყო და ამის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს საქართველოს ახალი ტყის კოდექზე მუშაობის დაწყება.
მან სხდომაზე კანონმდებლებს გააცნო ის ხედვა, თუ რომელი მიმართულებით უნდა გაგრძელდეს სატყეო სექტორის რეფორმა და განვითარდეს ტყის კოდექსი; დეტალურად ისაუბრა კოდექსის პროექტის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის ტყეზე საკუთრების უფლებაზე, ტყის სფეროში უფლებამოსილებებზე და სხვა.
კომიტეტში მიესალმნენ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის დაწყებას, თუმცა წარმოდგენილი პროექტის მიმართ გაჩნდა მრავალი კითხვა.
კომიტეტის წევრების აზრით, ბევრი საკითხი პროექტში ბუნდოვანია და სერიოზულ დახვეწას საჭიროებს.
სხდომის მუშაობაში საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც ასევე ჰქონდათ შენიშვნები, მათ შორის სამონასტრო ტყეების საკუთრებასთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოხატეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ყველა მხარესთან, საბოლოოდ გამართული კანონმდებლობის მიღებით დაგვირგვინდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ერთობლივმა მუშაობამ ინტენსიური ფორმა უნდა მიიღოს, ვინაიდან საუბარი მართლაც რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზეა, რომელიც ტყის ახალ კოდექსს წარმოადგენს.
სატყეო სექტორის რეფორმის ავტორები ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, შეხვედრებს რეგიონებშიც გამართავენ.