სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლის დეკემბრიდან წარმატებით მოქმედებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით დამტკიცდა. პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და განხორციელებაა.
ბრალდებულების/მსჯავრდებულების სუიციდის რისკების მიხედვით იდენტიფიცირებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განახორციელებს, რომელშიც სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგები, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები, ასევე, სოციალური მუშაკები შევლენ.
ბრალდებულების/მსჯავრდებულების სუიციდის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგი ან ექიმი-ფსიქიატრი მიიღებს.
დღეის მონაცემებით, პროგრამაში 59 ბრალდებული/მსჯავრდებულია ჩართული. 2015 წელს პროგრამაში ჩართული პირების სუიციდის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
(R)