ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მცხოვრები რომან პაპიძე გასულ წელს ითხოვდა ქუჩის გასწვრივ მდებარე წყალგაყვანილობის მოწესრიგებას. პრობლემა "გურია ნიუსში" შესაბამისი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მოგვარდა, თუმცა, პაპიძე ისევ ითხოვს დახმარებას.
_ უარესი პრობლემა გვაქვს ახლა _ ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთის გასწვრივ მდებარეობს ნაძვების ("კრიპტომერია") ძველი ნარგავები. თითქმის ყველა მთლიანად, ან სანახევროდ გამხმარია. კომისიაც იყო და აქტიც შეადგინეს, რომ მოსაჭრელია. თუმცა, მერე არავინ გამოჩენილა. ვინმეს, იქნებ, ჭირვეული ვეგონო, მაგრამ ქარის ყოველ დაბერვაზე გვეშინია, რომ ეს ნაძვის ფუტურო ხეები თავში არ დაგვეცეს. ჩვენი თავი ჯანდაბას, ბავშვები გვყავს სახლში, შვილიშვილები და გვეშინია. იქნებ, მოაღწიონ და მოჭრან! _ გვითხრა რომან პაპიძემ.
"გურია ნიუსმა" აღნიშნულის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს მიმართა.
_ ქალაქის მერიას დაზიანებული ხეების მოჭრის თაობაზე მოქალაქეები ხშირად მომართავენ. მათ შორის არის რომან პაპიძის მომართვაც. ამორტიზირებული ხეები, რომელიც მის საკარმიდამო ნაკვეთთან მდებარეობს, შეტანილია მოსაჭრელთა ნუსხაში. თუმცა, დაზიანებული ხეების აღრიცხვა ჯერ კიდევ ხდება სხვა მოქალაქეთა საკარმიდამოებში თუ ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. როცა საბოლოო აღრიცხვა დამთავრდება სპეციალური კომისიის მიერ, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და თანმიმდევრულად მოიჭრება ყველა დაზიანებული ხე. ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება. მერიის შესაბამისი სამსახური დაინტერესებულია, დროულად მოიჭრას ამორტიზირებული ხეები, რომ რაიმე სახის უბედური შემთხვევისგან დაზღვეული ვიყოთ, _ გვითხრა მერიის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა შარაძემ.