"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დღეს ტელეეთერებით ხელისუფლების და საზოგადოების შანტაჟი მიმდინარეობს.
"ასე მგონია, ქვეყანას ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავს. მე და ჩემს ძმას არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი ინტერესი ისეთი ტელევიზიის გაკეთებაა, სადაც ტელეშანტაჟები არ იქნება, რითაც ყველა ტელემოშანტაჟე დამთავრდება.” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიის გაკოტრება განხორციელდება, დანარჩენი მოწილეები "ნულზე" დარჩებიან, კოტე გოგელიას კი, 100-ვე პროცენტი, სიხშირე და ყველაფერი დარჩება.
"ასეთი ხელოვნური გაკოტრებები ხდება რუსეთში. ეს რუსული კლასიკაა. როცა 25 %-ის წილის მფლობელი ვიყავი, დოკუმენტებში არავინ მახედებდა. კრედიტებს რომ იღებდნენ და ვალს აგროვებდნენ, ვინმემ რამე გვკითხა?! ახლა ეს ვალები მე რატომ უნდა ვიხადო?!”- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გადაცემაში სტუმრობისას გაჩეჩილაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას წილი გაყიდული ჰქონდა.
"ღლონტი რომ იძახის, გია გაჩეჩილაძემ წილი გაყიდა და ფული აიღოო, დამანახონ ერთი კაცი, ვინც ფული მომცა. "სიტყვის თავისუფლების მწვერვალი” ჯანგირაშვილი რომ ამბობს კიდევ, ფული აიღოო, ამის დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტი ხომ უნდა ჰქონდეს?! გავყიდე და არავინ არ გაიფორმა?! როდემდე შეიძლება ჟურნალისტიკა ჭორის დონეზე იყოს?! ღლონტმა თქვა, გაკოტრების პროცესში არ ვერეოდიო. არადა, მის ადვოკატს გაკოტრებაზე ხელი აქვს აწეული. ბაჩო კიკაბიძე რომ აცხადებს, სად იყო გაჩეჩილაძე "მაესტროში” რომ კიწმარიშვილი გადაძვრაო, ჰკითხეთ ერთი, პირველად ვის დაურეკა?! ვინ შეიფარა მაშინ "მაესტრო”?! იმ პერიოდში ტელევიზია რადიო "მაესტროდან” არ მაუწყებლობდა?! ეს დაუნახაობა და უმადურობაა.” – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
"19-ში "მაესტროს” გაკოტრების პროცესი იწყება. ტელევიზიის რეაბილიტაციის გეგმა მაქვს და ამ დროს, საჯარო რეესტრი ჩემს მიერ დანიშნულ დირექტორს არ არეგისტრირებს, ამას რა ქვია?! საკონტროლო პაკეტის მფლობელი რომ საკუთარ კომპანიაში დირექტორს ვერ ნიშნავს, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. ჟურნალისტებს მინდა ვკითხო – პროტესტს რატომ აწყობენ?! თუ ლევანი დირექტორი გახდა, მივა, ყველას დაელაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება.” – განაცხადა გაჩეჩილაძემ 2030-ში