ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე არასრულწლოვანმა სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის თანამშრომლები დაჭრა.
დაცვის წევრებმა ახალგაზრდებს, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, სუპერმარკეტის დატოვება სთხოვეს. მათ შენობა დატოვეს, თუმცა მალე სხვა თანატოლებთან ერთად დაბრუნდნენ და დაცვის წევრებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
"სამი თუ ოთხი ახალგაზრდა შემოვიდა "სმარტის" ტერიტორიაზე, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ჩვენი დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა მათ მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა", – განუცხადა ჟურნალისტებს "სმარტის" მენეჯერმა.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.