საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით განხორციელდა ჯამში, 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის შეირჩა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი, რაც ავტომატურად გულისხმობს ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. ბრალდებულებმა, ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ მოახდინეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, მოქალაქეებს ნიაზ ლაცუზბაიას, ჯაბა შელიას, პაატა ბასარაიას, გელა ბოხუას, ვიქტორ ხუფაცარიას, კობა ყოლბაიასა და შოთა ეხვაიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით.