საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიასა" და მის ყოფილ მწვრთნელებს შორის ფინანსური დავა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე კლუბიდან დათხოვნილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ლორიამ და მისმა ასისტენტმა, თენგიზ პატარაიამ, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისთვის ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს საფეხბურთო დავების ტრიბუნალს, რომელმაც ლანჩხუთის "გურიას" სადაო თანხის გადახდა დააკისრა. მიუხედავად კლუბის მესვეურთა წინააღმდეგობისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამაც, ტრიბუნალის ვერდიქტი ძალაში დატოვა და გურულ კლუბს ისღა დარჩენოდა, რომ თანხის გადახდის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 თებერვალი განესაზღვრა.
როგორც ჩვენთან საუბარში თემურ ლორიამ განაცხადა, დათქმულ ვადაში თანხა მათ მაინც არ მიუღიათ. "რადგან თანხა 1 თებერვალს არ ჩაგვერიცხა, ჩვენ იძულებულები გავხდით, სფფ – სთვის გვეცნობებინა, სადაც დაგვპირდნენ, რომ შესაბამის რეაგირებას მოახდენდნენ. თუმცა რაიმე სანქციებამდე საქმე არ მისულა, რადგან რამდენიმე დღის დაგვიანებით კუთვნილი თანხა ჩვენს ანგარიშებზე ჩაგვერიცხა და პრობლემაც ამით ამოიწურა"- გვითხრა ლორიამ.
შეგახსენებთ, რომ კლუბისა და ექს მწვრთნელების სადაო თანხა 40 ათას ლარს აღემატება.