ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას REDMAN FEDERATION INC-ს 1 ლარად გადასცა, უკვე სახელმწიფოს დაუბრუნდა.
საფუძველი კი პროკურატურის მიერ 2013 წელს დაწყებული გამოძიება იყო, რომლის თანახმადაც ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი ოფშორული კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრში ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა.“
"ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში“ _ აღნიშნეს მთავარ პროკურატურაში, სადაც არ დაუკონკრეტებიათ ვინ იყვნენ ის პირები, რომლებმაც ხელმოწერები გააყალბეს.
საგამოძიებო უწყებაში არც იმაზე უსაუბრიათ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პროკურატურის განცხადებიდან მხოლოდ იმის გარკვევა გახდა შესაძლებელი, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის, თინათინ ჩაჩანიძის ხელმოწერა, რომლის ვინაობა “გურია ნიუსმა“ გაარკვია, ყალბია.
უცნობია ხელმოწერის სიყალბე დადასტურებულია თუ არა ექსპერტიზით. თავად ჩაჩანიძე ამ თემებზე ამ დრომდე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
პროკურატურაში ჩვენს ზარებს ისევ არ პასუხობენ და შესაბამისად უცნობია ვინ იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების ის წარმომადგენლები, რომლებიც პროკურატურის განცხადებით საჯარო რეესტრზე ზეწოლა მოახდინეს ყალბი დოკუმენტების დარეგისტრირების გამო.
ასევე, ამ დრომდე უცნობია, ვინ არის პიროვნება, რომელიც გაფორმებულ დოკუმენტში REDMAN FEDERATION INC-ს წარმოადგენს.
თუმცა, „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ამ პიროვნების _ ვინმე პეტრ ზიკას პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც ხელშეკრულებას თან ერთვის. მასზე პროკურატურაში არ საუბრობენ და შესაბამისად, უცნობია მოხდა თუ არა მისი დაკითხვა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ციხისძირის 1 ლარად გასხვისებული მიწები, რომელებიც იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ხეები უნდა გადმორგოს უკვე სახელმწიფოს კუთვნილებაა.
ამავე თემაზე იხილეთ: ექსკლუზივი _ ვინაა და ვის უკავშირდება პიროვნება, რომლის სახელზეც ციხისძირში 10 ჰა მიწაა შეძენილი; redman federation inc-ს ლარიც არ გადაუხდია _ ვინ არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც სააკაშვილმა მიწები მისცა; სააკაშვილის გარიგება _ 9 მილიონიანი ქონება ციხისძირში 1 ლარად ვალდებულებების გარეშე; სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი