ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო სარიშვილი საკრებულო ბოლო სხდომაზე იმ თანასოფლელთა ბედით დაინტერესდა, ვისაც დიდთოვლობის შედეგად სახლი დაუზიანდა. სარიშვილის თქმით, ასეთი ჩოჩხათში შვიდი ოჯახია.
მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას ჩოჩხათის კიდევ ორი მკვიდრი ენვერ ანდღულაძე და მამია გუჯაბიძეც თხოვენ. ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის დახმარების თხოვნით გამგეობას რუსულ ენაზე დაწერილი განცხადებითაც კი მიმართა, რასაც ადრესატთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგმა გააპროტესტა – რას ქვია რუსულად დაწერა, სახელმწიფო ენა ქართულია და ყველამ კეთილი უნდა ინებოს მას სათანადო პატივი მიაგოსო.
თუმცა, გუჯაბიძის ამ საქციელს ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ მოუძებნა გამართლება:
„ჯერ კიდევ გასულ წელს გწერდათ ბატონი მამია,სახლი თავზე მენგრევაო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ენვერ ანდღულაძე ახლა ძველ ბერძნულად აპირებს განცხადების დაწერას, შეიძლება გერმანულადაც დაწეროს, იქნებ ვინმემ მაშინ მაინც წაიკითხოსო“, – აღნიშნა ბიწაძემ.
მუნიციპალიტეტის გამგებლმა, ზაზა ურუშაძემ სხდომაზევე განმარტა, რომ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების ყველა საჭირო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროშია შესასწავლად გადაგზავნილი და რეაგირებაც მალე იქნება. სულ კი, სტიქიის შედეგად ლანჩხუთში 50-მდე დაზიანდა.
„ძირითადად, ძველი სახლები დაზიანდა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ზოგი მათგანის დათოვლა შეიძლებოდა. როცა ხედავ თოვს და იცი რა მდგომარეობაში გაქვს სახლის სახურავი, კეთილი უნდა ინებო და სახლი დათოვლო. ეს ამ შემთხვევაში არ ეხება ჩოჩხათს, სადაც 1,5 მეტრი თოვლი მოვიდა, მაგრამ ზოგადად ასეთი შემთხვევები გვქონდა, მაგალითად, ერთ ოჯახში სამი კაცი იყო და სახლის სახურავი ჩამოენგრათ“, _დასძინა ურუშაძემ.