ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდის გასული წლის 11 დეკემბერს დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, მხარისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
სპეციალისტებმა დაზიანების სიმძიმე შეაფასეს, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პრობლემის დროულად მოგვარების პირობა დადეს. მას შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა და სიტუაცია არ შეცვლილა.
ამ დრომდე, ხიდზე საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია და გადაადგილება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი.
ამ ხიდით, გარდა ხიდისთავის მცხოვრებლებისა, ხუთი სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა. ახლა სახლებში მისვლა შემოვლითი გზებით უწევთ.
_ ბავშვები სკოლაში წამოსასვლელად კილომეტრებს გადიან ფეხით, რადგან მოსწავლეებს სკოლის ტრანსპორტი ვერ აკითხავს ხიდის არარსებობის გამო. ჩოხატაურში რომ წამოვიდეთ, რამდენიმე კილომეტრის შემოვლითი გზა უნდა გამოვიაროთ. სამი თვეა არავინაა ჩვენი პატრონი _ აღარ ვიცით ვის მივმართოთ. დღეს-ხვალ არ დაუმთავრდათ. თქვენი იმედი გვაქვს _ იქნებ, მიაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა და გააგებინოთ, რომ ხიდისთაველებს, მეწიეთელებს, ჭაჭიეთელებს, ქვენობნელებს ძალიან დიდი პრობლემა აქვთ. ამ პრობლემას კი მოგვარება სჭირდება და არა დაპირებები, _ აღნიშნავს მოსახლეობა ჩვენთან საუბრისას.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემა დროულად არ მოგვარდება, აქციებს დაიწყებენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობის განკარგულებას ელოდება:
_ პროექტირება დასრულებულია. საპროექტო ღირებულებამ შეადგინა 1 872 000 ლარი. პროექტი, თანდართულ წერილებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაგზავნილია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, როგორც კი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყოფა თანხები, გამოცხადდება ტენდერი ხიდის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებთან დაკავშირებით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით სამინისტროს ჩოხატაურის გამგეობიდან შესულ წერილზე ვიზირება უკვე გაკეთებული აქვს:
_ თითქმის 2 მილიონი ჯდება ხიდის შეკეთება. წერილი უკვე გამზადებულია, ვიზირება გაკეთებული აქვს ჩვენგან და ორშაბათს გადაიგზავნება ფინანსთა სამინისტროში. როგორც კი ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს თანხას, გამოცხადდება ტენდერი და სამუშაოები დაიწყება, _ გვითხრა პაიჭაძემ.