ჩინეთის ეკონომიკა რომ მსოფლიოში ყველაზე მზარდი და პერსპექტიულია, უკვე არავისთვისაა საიდუმლო. ამიტომაც, ჩინელები მსოფლიოს მიღწევების განმეორებას ცდილობენ.
პეკინში სულ მალე ახალი უნიკალური სუპერსასტუმრო აიგება, რომელიც გარეგნულად დუბაის მსოფლიოში ცნობილ ნაგებობას – "ბურჯ ხალიფას" მსგავსი იქნება.
ამ პროექტში ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ მილიარდი დოლარია. არქიტექტორები სუპერსასტუმროს ჩინეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში ააგებენ, კერძოდ, მისი რეალიზაცია მენტოუგუს რაიონში მოხდება.
ჩინელი ბიზნესმენები სასტუმროს საუდის არაბეთიდან ჩასულ ინვესტორებთან ერთად ააგებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება სუპერსასტუმროს მშენებლობა.
"ახლა პროექტი დასრულებულია და მას ძალიან ორიგინალური ფორმები აქვს, რომელიც ზოგადად დუბაის "ბურჯ ხალიფას" ჰგავს", – განაცხადა ჩინეთის დასავლეთი რაიონის ხელმძღვანელმა ვან ხუნჩუნმა.
ჯერჯერობით ადგილობრივმა მასმედიამ ვერ დაადგინა, აპირებს თუ არა პეკინის სუპერსასტუმრო სიმაღლეშიც გაეჯიბროს "ბურჯ ხალიფას", რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა.