15 მარტიდან, "მაგთიკომის" აბონენტებს G-Mobile-ის ქსელზე დარეკვისას ერთი წუთის საფასური 24 თეთრამდე გაეზრდებათ.
ამის შესახებ შეტყობინება "მაგთიკომის" აბონენტებმა დღეს მიიღეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტარიფის ცვლილება "G-mobile-ის მხრიდან ზარის დასრულების ტარიფის გაზრდის გამო მოხდა".
ზემოთ აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ, "გურია ნიუსმა" მაგთიკომს" კითხვებით მიმართა:
-
რა იყო აქამდე G-Mobile-ის ქსელზე დარეკვისას წუთის ღირებულება?
-
რატომ გახდა ტარიფის შეცვლა საჭირო?
-
ამ სახის ცვლილებები კიდევ რა იგეგმება "მაგთიკომში”?
-
G-Mobile-ის ტარიფის საფასურის შეცვლა გამოიწვევს თუ არა მომსახურების არსებული ტარიფების შეცვლას – "ზერო+"-ის; "ულიმიტო+"-ის; "საყვარელი ნომრის"? თუ შეიცვლება რა სახის ცვლილება იქნება? მოიმატებს თუ შემცირდება არსებული ტარიფი აღნიშნულ მომსახურებებზე?
თუმცა, კომპანიიდან მხოლოდ ეს პასუხი მივიღეთ:
"G-mobile არის ოპერატორი, რომლის მობილური ნუმერაციის რესურსი იწყება 5 50 00 xxxx (მაგალითად, 5 50 00 17 21).
G-mobile-ის მხრიდან ზარის დასრულების ტარიფის გაზრდის გამო, აღნიშნული მიმართულებით ზარების ღირებულება განისაზღვრა 24 თეთრით წუთში", _აღნიშნავენ "მაგთიკომში".
გამოიწვევს თუ არა მომსახურების არსებული ტარიფების შეცვლას, G-Mobile-ის ტარიფის საფასურის შეცვლა, უცნობია.
დამატებით კითხვებზე "გურია ნიუსს" "მაგთიკომში" არ უპასუხეს.
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში "გურია ნიუსს" უთხრეს, რომ მიმართვის შემთხვევაში, კომისია საკითხს შეისწავლის და პასუხს მოგვიანებით გვაცნობებს.
"გურია ნიუსი" საკითხზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას შეტყობინებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: