"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თბილისის საქალაქო სასამართლოს თვმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის მიერ განხილული რეზონანსული საქმეების ჩამონათვალს აქვეყნებს.
"დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით გიორგი მიქაუტაძე ისანი – სამგორის რაიონული პროკურატურაში პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2010 წელს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი იყო. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2012 წლის იანვრიდან დაინიშნა. 2015 წლის დეკემბრიდან კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თავმჯდომარეობს.
გიორგი მიქაუტაძის სახელს უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით 2012 წლის ივლისში განხილული საქმე, სადაც გიორგი მიქაუტაძემ პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობის გამო 17 პირი დააჯარიმა. მათ მიერ გადასახდელმა თანხამ ჯამში 1 მილიონ 202 ათასი ლარი შეადგინა. დაჯარიმებულთა შორის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ გოგსაძე იყო, რომელსაც 60 000 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა. საქმის განხილვისას ადვოკატებმა მოსამართლე ღიად დაადანაშაულეს ხელისუფლების ინტერესების გატარებასა და მიკერძოებაში.
გიორგი მიქაუტაძის მიერ, 2012 წლიდან დღემდე, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული აქვს 5 ქონებრივი დეკლარაცია, რომელთა თანახმად მის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში მდებარე 3 ბინა და MERCEDES-BENZ ML-350, გამოშვების წელი – 2006", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.