თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის თანახამად, დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განისაზღვრება.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილების (გარდა ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის პირველი თანრიგისა), მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების (გარდა ელექტრონული, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და კონკურსებისა) თაობაზე.
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად დაიშიფრება: სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილება, მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, რაც გაადვილებს და დაცულს გახდის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს.
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხომაზე განხილვას.