არასრულწლოვანისათვის პირადობის მოწმობის გაცემისა და საქართველოდან გაყვანის საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტის მომზადება განაპირობა ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს პოტენციური მშობლების მიერ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების სხვა ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტებით საქართველოდან გაყვანის შემთხვევაში.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელი უნდა იყოს მითითებული, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ბავშვის დაბადება, ისევე როგორც პირველ ეტაპზე ექსტრაკორპორული განაყოფიერება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით წარიმართა.
კანონპროექტის მიზანია საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის ინტერესების დაცვა, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მისი ქვეყნიდან გაყვანის აკრძალვა და ამ გზით მის მიმართ სხვადასხვა სახის უკანონო ქმედების, მათ შორის ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის შემთხვევათა თავიდან აცილება.
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო წრეების წარმომადგენლები. გამოთქმული შენიშვნები ძირითადად ტერმინების დაზუსტებას შეეხებოდა.
განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა საქართველოს სსრ უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს ყოფილი დეპუტატების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კომპენსაციის მიღების უფლების თვალსაზრისით გაუთანაბრდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, უზენაესი საბჭოს წევრებს და კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პირებს.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ შემოთავაზებული ინიციატივის განხორციელება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, ამიტომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ საკანონმდებლო წინადადება იქცეს საკანონმდებლო ინიციატივად და მიღების შემთხვევაში ამოქმედების ვადად ჩაიწეროს 2017 წლის 1 იანვარი, რათა მოხერხდეს სახელმწიფო ბიუჯეტში მისი ასახვა.