რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში განვითარებული მოვლენების ბოლო 11 წელზე მრავალსერიან ფილმს ტელეკომპანია გიდიეს-ის დაკვეთით იღებს. „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფილმის ბიუჯეტი არ იცის, რადგან დამკვეთი ტელეკომპანიაა.
რეჟისორის თქმით, ფილმში მიხეილ სააკაშვილის პერსონაჟი არ იქნება:
_ მე სააკაშვილზე არ ვიღებ ფილმს. ვიღებ ძალადობაზე, გარყვნილებაზე, რომლის შემოქმედიც სააკაშვილის იყო, თუმცა, ფილმში კონკრეტული პოლიტიკური პერსონაჟები არ იქნებიან. მე ზოგადად ქართულ საზოგადოებაზე ვიღებ ფილმს, _ გვითხრა ხაინდრავამ.
ხაინდრავას თქმით, ფილმი 24-სერიანი იქნება და საზოგადოება ბევრ ნიჭიერ მსახიობს გაიცნობს, რომელიც წლების განმავლობაში მივიწყებულები იყვნენ:
_ ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი აღმოვაჩინე. საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დავიწყებული ჰყავდათ. ოზურგეთის, ბათუმის, თელავის, ქუთაისის თეატრებში უამრავი ნიჭიერი ადამიანი მოღვაწეობს. ფილმში თბილისში მოღვაწე მსახიობებიც იქნებიან. ერთი სიტყვით, მთელი საქართველო შევკარი, _ დასძინა ხაინდრავამ.
ფილმის გადაღებები ყოველდღე მიმდინარეობს და როგორც რეჟისორი ამბობს, პირველი სერიების ნახვა მაყურებელს მაისის ბოლოს შეეძლება.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაღების კონკრეტული დეტალებით არ ინტერესდება:
_ რამდენჯერმე შევხდით ერთმანეთს და დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს გადაღება. კონკრეტული დეტალებით არ დაინტერესებულა, _ აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.