შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი სრულადაა ამოწურული.
"ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს."