თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, დასახლებულ პუნქტებში საერთო კრება უნდა შედგეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე ამბობს, რომ დაწყებულია ადმინისტრაციული საჯარო წარმოება დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების შემუშავების შესახებ.
"ველოდებით შენიშვნებს და 2016 წელის 2 მარტს საკრებულოს სხდომაზე მოხდება ამ საკითხის გატანა საკრებულოს სხდომაზე. დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ ამ ინსტიტუტის ამუშავებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ მოქალაქეები უფრო მეტად ჩაერთონ თვითმმართველობაში.
ამ ინსტიტუტის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან, რომ ადამიანებს მოუწოდოთ თვითმმართველობაში ჩაერთონ მაქსიმალურად, როგორც მართვაში, როგორც დაგეგმარებაში, ასევე ამ დაგეგმის განხორციელებაში."– გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.
"საერთო კრებების" დებულებაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც მსჯელობენ:
"შესაბამისად ველოდებით შენიშვნებს, წინადადებებს. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის უფრო მეტს ჩართულობას და აქტიურ ქმედებებს თვითმმართველობის პროცესში." _ აღნიშნა ჩვენტან საუბრისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო
"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი, ირაკლი პაპავა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ იქედან გამომდინარე, რომ ეს სიახლეა, ცოტა რთულია განსაზღვრო პრაქტიკაში რამდენად იმუშავებს.
"მაგალითად, იმ დასახლებაში, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 500-სზე ნაკლებია, ერთი კრება შეიძლება ჩამოყალიბდეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დასახლების საერთო კრება შედგეს ამისათვის აუცილებელია მინიმუმ 20% იქ რეგისტრირებული ამომრჩევლისა უნდა ესწრებოდეს. სადღაც 450 ამომრჩეველში ეს გამოდის 90 კაცი, ამ რიცხვის თავმოყრა დასახლების საერთო კრებაზე ცოტა არ იყოს რთული საკითხია.
ჩვენ პრაქტიკაში რაც გვქონია შემთხვევები, ძალიან რთული პროცესია ეს დააინტერესო კონკრეტულად ეს მოსახლეობა, ამომრჩევლები მოვიდნენ კრებაზე. მითუმეტეს თუ ამ კრების მუშაობას არ დაურჩა რაიმე კონკრეტული შედეგი. "საერთო კრების" ძირითადი დანიშნულება არის სოციალური-ეკონომიური პრობლემების იდენტიფიცირება, მისი მოგვარების გზების ძიება და ამ პრობლემების მოგვარების და მისი გადაწყვეტის გზების მიტანა კონკრეტულად ადგილობრივი ხელისუფლებამდე.
თუ კი დასახლების საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის მიერ დაყენებული პრობლემა არ იქნა მოგვარებული ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და ხალხმა ვერ დაინახა რეალური შედეგი, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვიღაცა არ ითვალისწინებს, ბუნებრივია ეს ნიჰილიზმს გამოიწვევს." – ამბობს ირაკლი პაპავა.
ამ თემას გადაცემა "არჩევანი მე" დაეთმო, რომლის ნახვაც შეგიძლიათ აღნიშნულ ლინკზე.