"სულ მოკლე ხანში ჩვენი ქვეყანა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადდება და ამას ხელს შეუწყობს ის ცვლილებები, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობაში შედის" _ აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, ამის განმაპირობებელ კანონპროექტთა პაკეტი დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
პაკეტშია კანონპროექტები: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ", "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს გიორგი თოფაძეს და გია ჟორჟოლიანს. კომიტეტის სხდომაზე იგი გიორგი თოფაძემ წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი შეჯერებულია, რედაქციული შენიშვნებიც არავის გამოუთქვამს.
კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, რის პარალელურად ძალადაკარგულად გამოცხადდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაევალება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.