დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საინტერესო და და ძალზე აქტუალური პრეზენტაცია შედგა. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მასმედიას და დაინტერესებულ პირებს "ქართული ტყის კოდექსის" პროექტი გააცნეს, რომელსაც თვენახევარში პარლამენტში წარადგენენ.
სსიპ ეროვნული სატყეო საააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ პროექტი წარმოადგინა და სლაიდების დახმარებით მოახდინა პრეზენტაცია.
" საქართველოს ყველა რეგიონში ვიყავით. დღეს გურიაში ვახდენთ ახალი სატყეო კოდექსის წარდგენას და ვმართავთ საჯარო დისკუსიას. იყო დრო, კანონპროექტი 10 წლის განმავლობაში იწერებოდა. შარშან, ორი ქართველი ექსპერტის მიერ, 11 კაციან ჯგუფთან ერთად, დაჩქარებული წესით მოხდა პროექტის განხილვა. დაჩქარებული განხილვის მიზეზი ის არის, რომ 1999 წლის კანონი დღემდე მოქმედებდა. იმ დროს შემოსული "ტყის სოციალური ჭრა" -მახინჯი ფორმა – დღემდე გრძელდება, რასაც არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში, არ ცნობენ. ასევე მახინჯი ფორმა იყო ლიცენზიანტების გრძელვადიანი პროგრამა, რამაც მთლიანად გააუარესა ტყეების მდგომარეობა და ვერც სახელმწიფო ხაზინამ ისარგებლა. შეიცვალა 500-ზე მეტი მუხლი. უმთავრესი რაც არის, ტყე არ არის შეშა და ის არ უნდა იყოს განხილული, როგორც საწვავი. არადა, ეს იყო ტყის ფუნქცია. 2013 წლიდან, ბორჯომი-ხარაგაულის მასივით ტყეების ინვენტარიზაცია დაიწყო. ამ პროცესმა უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, "-თქვა თორნიკე თორნიკე გვაზავამ. მან ისაუბრა პროექტის უმთავრეს მიზანზე _ უნდა შენარჩუნდეს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებელი და დაზუსტდეს ტყის ფონდის განმარტება, რომელსაც ყველა თავის ინტერპრეტაციას აძლევდა. ამიერიდან იქნება გეოგრაფიული განმარტება _ ტყე არის 10 მ სიგანის არანაკლებ 0, 5 ჰა მიწის ფართობი, სადაც მერქნოვანი მცენარეებია. ტყის მართვის პრინციპები კი საყოველთაო ნორმად უნდა იქცეს. კონკრეტულად, ტყის მართვაში უნდა მოხდეს კადრების დაბრუნების პროცესი. ადრე სახელმწიფო იყო მესაკუთრე, ახლა კი ახალი მესაკუთრე ძალები შ ემოდის, მათ შორისაა მუნიციპალიტეტი.
პროექტის წარდგენისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ტყის მართვის გეგმის გაცნობას. ის მოქმედებაში შემოდის და ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. ძალზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ გეგმის დამტკიცებამდე ტყით მოსარგებლეს ხე-ტყის ჭრა ეკრძალება. ზოგადად კი, არამერქნულ რესურსებს ფიჩხიც დაემატება თავისუფალი ხელმისაწვდომობისთვის.
გამკაცრდება თუ არა კანონი ტყეში ხანძრის გაჩენისთვის? ამ კითხვის ირგვლივ ისაუბრეს როგორც სტუმრებმა, ისე შეხვედრის მონაწილე მასპინძლებმა.
"მიუხედავად იმისა, რომ ხანძრების გაჩენის ნებსითი თუ უნებლიე მრავალი ფაქტი თუ შემთხვევა არსებობს და არც მომავალშია ეს გამორიცხული, ზედამხედველობის სამსახურს მოუწევს მაღალი სანქციების გაცემა ხანძრის შემთხვევაში. საძოვარს რაც შეეხება, ძოვება არ იკრძალება, გადაძოვება – კი. ასევე ძალაში შევა კანონი ტყის ერთწლიანი, სეზონური და გრძელვადიანი, 25 წლით სარგებლობისთვის, "– თქვა თორნიკე გვაზავამ და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტყის კოდექსის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას – პროფესიონალი კადრებით ჩვენი სატყეო სამსახურების დაკომპლექტებას, რაც თითქმის 30 წელია, არ მომხდარა. ესაა უდიდესი წყვეტა, როცა ქვეყანაში პროფესიონალი კადრი არ გამოუშვიათ. მან ასევე ყველას გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაჭრეთის და ახალციხის პროფსასწავლებლები მოამზადებენ სატყეო საქმის სპეციალისტებს. მეტყევე იქნება ბაკალავრის ხარისხით, დანარჩენ სპეცალისტებს კი პროფესიული მომზადების კვალიფიკაცია ექნებათ. სტუმრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ოზურგეთში, ახალგახსნილ პროფესიული კოლეჯში ("ჰორიზონტი") სამომავლოდ , შესაძლებელია, სატყეო საქმის სპეციალისტები მომზადდეს.
შეხვედრის ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში არაერთ საკითხზე ისაუბრეს, რაც ტყის კოდექსის ახალი პროექტის შექმნას შეეხებოდა.