ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგის მონაცემების მიხედვით, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას 34,3 მილიონმა ამერიკელმა უყურა, რაც რვა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მაყურებლების რეიტინგის ვარდნას ჰოლივუდში მსახიობებს შორის არსებულ დაპირისპირებას აბრალებენ.
თუმცა ამერიკაში სამოქალაქო უფლებების დამცველის, ალ შარპტონის თქმით, კრის როკის ხუმრობამ მაყურებლებს ტელევიზორის გამორთვის სურვილი გაუჩინა.
როგორც ცნობილია, წელს უკვე მეორედ ოსკარის ნომინანტთა სიაში აფროამერიკელი მსახიობები ვერ მოხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შოუ ასევე შეეხო სექსუალური ძალადობის, გეი უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებს, რის გამოც მაუწყებლობის ბოლო საათში რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა.
რეიტინგის მონაცემების მიხედვით, მაყურებლების ნაკლებობა ასევე დაფიქსირდა სხვა დაჯილდოების ცერემონიალის პირდაპირ ეთერში გადაცემის დროსაც, როგორებიცაა გრემი, ოქროს გლობუსი, ემი და ტონი.
როგორც ცნობილია, მიუხედავად გადაცემის მსვლელობის დროს რეიტინგის ვარდნისა, ოსკარი სოციალური მედიის ჰიტი გახდა.
მაუწყებლის ცნობით, ლეონარდო დიკაპრიოს მიერ ოსკარის მიღების შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში ერთი წუთის განმავლობაში 440 000-ზე მეტი პოსტი დაიწერა, ხოლო ფეისბუქში 24 მილიონმა ადამიანმა დაპოსტა.