"ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე სიმართლის დასადგენად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ საღამოს, როცა კაფე "BK"-ს წყალმომარაგება შეუწყდა, კაფეში სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა უადგილობის გამო ის მალევე დატოვა.
მისივე თქმით, კაფესთვის და მიმდებარე ობიექტებისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა "მიზანმიმართული გათიშვა" არ ყოფილა.
მიქელაძე ამბობს, რომ "ბათუმის წყალში" 2008 წლიდან მუშაობს, მისთვის კომპანიის რეპუტაცია მნიშვნელოვანია და მის ინტერესშია სიმართლის დადგენა.
"ღრმა პატივისცემას გამოვხატავ პრემიერის მიმართ და სრულიად ვეთანხმები მის განცხადებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის რეპუტაცია, აქედან გამომდინარე თავიდან ბოლომდე ვითავისებ პასუხისმგებლობას, რაც მაკისრია და მზად ვარ თანამშრომლობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დამტკიცდება, მაგრამ მზად ვარ შესაბამის უწყებებს განვუმარტო, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული გათიშვა კონკრეტულად ამ კაფის მიმართ, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაოები, რომელსაც "ბათუმის წყალი" ატარებს. 27 თებერვალს, შაბათ საღამოს, ნაკადმზომმა დააფიქსირა წყლის გადაჭარბებული გადინება, შესაბამისი აპარატურით ჯგუფმა იპოვა დაზიანების ადგილი. წყალი გადაიკეტა ამ კაფესა და მის მიმდებარე ობიექტებში", – აღნიშნა მიქელაძემ.