ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარი მოქალაქეებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“, „ბოკო ჰარამი“ „ალ შაბაბი“ და სხვა ტერორისტული ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებში ტერაქტებს ისევ გეგმავენ.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხოების მიზნით სათანადო ზომები მიიღონ.
როგორც ცნობილია, მსგავსი გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის 29 ივლისსაც გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2014 წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად დაიწყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა თავს დაესხან უცხოელებს, სადაც ნახავენ.
დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ტერორისტული დაჯგუფების მიერ ამერიკის, დასავლეთისა და კოალიციის პარტნიორების მიმართ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში საპასუხო თავდასხმის ალბათობა მუდამ არსებობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის მოქალაქეებს გატაცების საფრთხე ემუქრებათ სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ, რადგან ისინი გამოსასყიდში გადახდილი თანხით არსებობენ.
როგორც ცნობილია, ექსტრემისტებს სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენება შეუძლიათ, რისი მეშვეობითაც მიზანში იღებენ თანამდებობის პირებს და საჯარო დაწესებულებებს.
მსგავს სამიზნეებს წარმოადგენს სასტუმროები, კლუბები, ბიზნეს-ოფისები, გახმაურებული სპორტული ღონისძიებები, რესტორნები, ღვთისმსახურების სახლები, სკოლები, სავაჭრო და ტურისტული ცენტრები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იკრიბებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს თავდასხმები, ძირითადად, განხორციელდა ტუნისში, საფრანგეთში, ნიგერიაში, ბელგიაში, თურქეთში, ეგვიპტესა და მალიში.
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი მოქალაქეებს ახსენებს, რომ ტერორისტების თავდასხმა მოსალოდნელია საზოგადოებრივ ტრანსპორტით, მეტროთი და რკინიგზით, ასევე საავიაციო და საზღვაო გადაადგილებისას.
მათი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა მოგზაურობამდე უნდა გაითვალისწინონ NATIONAL GEOSPATIAL AGENCY-ს, საზღვაო ადმინისტრაციის და ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ინფორმაცია საზღვაო მარშრუტისა და ნავსადგურების უსაფრთხოების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას ასევე იწვევს კარიბის, მალაკის სრუტესა და აფრიკაში საზღვაო დანაშაული, მათ შორის კონტრაბანდა, ადამიანებით ვაჭრობა და მეკობრეობა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა ევროპული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელები უსაფრთხოების სისტემას აძლიერებს, ტრანსნაციონალური ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებიდან დაუცველია.
მათი ცნობით, ევროპაში ტერაქტები მას შემდეგ მოხდება რაც სირიასა და ერაყში ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები დაბრუნდებიან.
მათივე ინფორმაციით, ტერაქტები ასევე მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
გარდა ამისა, ცენტრალურ აზიაში აქტიურად მოქმედებენ უზბეკეთის „ისლამური მოძრაობა“, „ალ-ქაიდა“ და „ისლამური ჯიჰადის კავშირი“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტული ჯგუფები თავდასხმას გეგმავენ ასევე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
მათივე ცნობით, სახიფათოა ასევე სამხრეთ ფილიპინებში მოგზაურობა, რადგან გატაცების საფრთხე არსებობს.
გარდა ამისა, 2016 წლის 14 იანვარს ჯაკარტაში მომხდარი თავდასხმა ცხადყოფს, რომ ტერორისტებს ინდონეზიაშიც შეუძლიათ თავდასხმების განხორციელება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის საელჩოები და საკონსულოები ყველაფერს გააკეთებს საჭიროების შემთხვევაში მოქალქეებისთვის სასწრაფო მომსახურების გასაწევად.
გარდა ამისა, დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კავშირი ჰქონდეთ უახლოეს საელჩოსთან ან საკონსულოსთან.