ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" პარასკევს კომისიის სხდომა გამართა, სადაც საკმაოდ მრავალფეროვან დღის წესრიგთან ერთად წესით, მოწვეული სტუმრების მრავალფეროვნებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ძიძიგურმა, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის ფრაქციის სხდომაზე მოუსვლელობა იმით ახსნა, რომ იგი მივლინებაში იმყოფება, ხოლო მოადგილე, გელა კილაძე უფასო შვებულებით სარგებლობს.
ასევე გაირკვა, რომ ფრაქციის წევრებს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ხილვაც სურდათ სხდომაზე, როგორც საფეხბურთო კლუბ "გურიას" პრეზიდენტის, თუმცა, ვერც გამგებელმა მოახერხა "ევროატლანტიკოსებთან" სტუმრობა, რადგან იმ დროისთვის თურმე სოფელ აკეთში იმყოფებოდა.
ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის უფროსის, დავით წულაძის მოსმენაც იგეგმებოდა ამ სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, ფრაქციის სხდომაზე ისიც ვერ მოვიდა, მაგრამ ფრაქციის წევრებს პირობა მისცა -ეს საკითხი გადადეთ და აუცილებლად მოვალო.
ფრაქციის მიწვევა "გურიას" ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიასა და საკრებულოს წევრ გიორგი ჩახვაძისთვის დარჩა მხოლოდ ყურადსაღები, რამაც მასპინძელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთათვისაც ხსენებული არგუმენტები მთლად მისაღები ვერ დარჩა და კახა ასკურავამ (ფრაქციის ერთ-ერთი წევრი) სხდომაზე არმისულები უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
"ჩემთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რაც აქ ითქვა. ეს არის უპატივცემულობა განსხვავებული აზრის მიმართ და ამასთან არაკოლეგიალურობაც, განსაკუთრებით საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან. მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ის მივლინებაში იმყოფება, მან წინსაწარ იცოდა რა საკითხები უნდა განხილულიყო ფრაქციის სხდომაზე და თუ თავად ვერ ახერხებდა მოსვლას მინიმუმ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე მაინც უნდა გამოეგზავნა და არა აპარატის უფროსი", – აღნიშნა ასკურავამ.
სხდომის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ფრაქციის წევრები არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის თანხის მიმართვის შესახებ განკარგულების დამტკიცებას.
"ვერ დავეთანხმებით, რომ 50 ათასი ლარი მოაკლდეს სოფლის პროგრამებს და მიიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებაზე. სწორედ ესაა უკანონობა, რასაც ახლა საკრებულოს ხელით ვადგენთ. გამოდის, რომ ამ ცვლილებით ჩვენ მთავრობის დადგენილებას ვცვლით. ამ 50 ათას ლარს ჩვენ კი ვაკლებთ სოფლის პროგრამის მთლიან თანხას, მაგრამ რას ვუშვებით იმ დადგენილებას, რომლითაც კონკრეტულ სოფლებზე კონკრეტული თანხებია გათვალისწინებული ამ კუთხით გასახარჯად?! მართალია მაჟორიტარები მორჩილებას ამჯობინებენ და ცვლილებასაც მხარს უჭერენ, თუმცა ჩვენ ამ უკანონობაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. 50 ათასი არ არის ძნელი მოსაპოვებელი თანხა, უმჯობესია შეამციროთ ის არამიზნობრივი ხარჯები, რომელიც სხვადასხვა ა(ა)იპ-ებშია," -განცხადეს ფრაქციის წევრებმა.
"ნება თქვენია, დაუჭერთ თუ არა მხარს გამგეობის მიერ შემოტანილ ცვლილებას"– ასეთი იყო გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პასუხი.