"რესპუბლიკური პარტია" განცხადებას ავრცელებს და ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს ემიჯნება. "რესპუბლიკელები" ვერ ხედავენ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების საფუძველს და მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ქორწინება ისედაც ქალისა და მამაკაცის კავშირია.
"რესპუბლიკური პარტია" აცხადებს რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს.
ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების შესახებ ბოლო ხანებში წამოწეული საკითხის დეტალურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ:
ა) კონსტიტუციურად და სამართლებრივად დასაზუსტებელი არაფერია – სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი და სხვა არაფერი. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის მოქმედი ნორმის კონსტრუქცია, ნორმატიული შინაარსი და ტერმინოლოგია ("მეუღლეთა", "ოჯახი", "დედათა და ბავშვთა"), აგრეთვე, კონსტიტუციის სწორედ ამგვარ განზრახულობას ადასტურებს მისი უკლებლივ ყველა ავტორი;
ბ) ამ საკითხზე კონსტიტუციაში რაიმეს კიდევ უფრო დაზუსტება, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ-პიარული მიზნით, მოქმედ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან პროექტის ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია 113 ხმა;
გ) აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების ინიცირებით და მისი ვერ მიღებით ჩვენ არა თუ ვერ გავამყარებთ, არამედ დავაზიანებთ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. თუ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით ინიციატორები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სიტყვა "მეუღლეთა" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "ქალისა და მამაკაცის", მაშინ ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ დღეს, სანამ რამე არ შეცვლილა, კონსტიტუცია ქორწინების უფლებას შეიძლება აძლევდეს ვინმე სხვასაც, გარდა ქალისა და მამაკაცისა.
"რესპუბლიკური პარტია" თვლის, რომ ინიცირება საფრეთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას და არ აპირებს, ასე წინდაუხედავად შეაბიჯოს შორსმიმავალი მიზნებით დაგებულ პოლიტიკურ მახეში. თუ რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა, ვინ გულწრფელი მოტივებით ადგება არასწორ გზას და ვინ ცდილობს ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამის გარკვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიგვინდვია.
შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ამოიწურა შიდაკოალიციური კონსულტაციების რესურსი, რესპუბლიკური პარტია ადასტურებს პატივისცემას თვითეული დეპუტატის, მათ შორის ჩვენივე ფრაქციის წევრების, განსხვავებული პოზიციისადმი, მაგრამ პოლიტიკურად ემიჯნება კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს, რომელსაც მოყვება არა საკითხის უკეთ გადაწყვეტა, არამედ საკითხის უფრო გამწვავება თანამდევი პოლიტიკური მეტასტაზებით", – ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.