"იმ ქალებს გაუმარჯოს, ვინც საზღვარგარეთ წავიდა, შრომობს და საქართველო გადაარჩინა! დღეს იმათი თამადობით გაუმარჯოს ქალებს, ვინც თავი დაიმდაბლა, რომ მისი ოჯახი და სამშობლო ამაღლებულიყო!" – დიდხანს ვფიქრობდი როგორ დამეწყო წერილი, რომელსაც თქვენ მოგიძღვნიდით სარვამარტოდ და ბედად ეს სტატუსი ვნახე ფეისბუქში. ამაზე კარგად მე ვერ დავიწყებდი!
დღეს თქვენზე მინდა დავწერო, ჩემს მეგობრებზე, ნაცნობებზე, მეზობლებზე, ნათესავებზე, დედებზე, დებზე, უცნობებზეც… თქვენ ძალიან ბევრნი ხართ და თუ დღეს ეს ქვეყანა ცოცხლობს და მოძრაობას აგრძელებს მომავლისკენ, სულ თქვენი დამსახურებაა.
თქვენ ვერ დაგიცვათ ქართულმა სახელმწიფომ. სამწუხაროდ, ეს რეალობა უფროა ვიდრე პათეტიური მონოლოგი ვინმეს გულის ასაჩუყებლად.
დღეს ქვეყანაში მრავალი აქტივობა იგეგმება ქალების მხარდასაჭერად, მათი უფლებების დასაცავად. ქვეყანაში, რომლის ქალების ნახევარი მძიმე ემიგრანტულ შრომას ეწევა და ამით არჩენს საკუთარ ოჯახებს. თქვენ კი სვამთ კითხვას – ასეთი აქტივობები საერთოდ ჭირდება ვინმეს? რომელიმე ქალს უმსუბუქებს ცხოვრებას?
"8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, 15:00 საათზე თბილისში გაიმართება მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე, ქალების შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციები: "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი", "ახალგაზრდა მწვანეები", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", "ქალის მზერა", "ვეგან ჯორჯია", "ლგბტ საქართველო", "ანარქაფემინისტები", "რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)".-ეს ჯგუფები ცდილობენ დღეს თქვენი შრომითი უფლებების დაცვას ქვეყანაში, რომელმაც უარი გითხრათ საერთოდ შრომის უფლებაზე და თავის გადასარჩენად უცხოეთში გადასახვეწად გაგწირათ. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რომ ეს მცირე ჯგუფები რამეს შეცვლიან თქვენდა სასიკეთოდ. არ გჯერათ და აგრძელებთ ნებაყოფლობით მონობას, არავინ იცის როდემდე!
ჩემი ერთი მეგობარი 45 კილოს ძლივს რომ იწონის, თურქეთში თავგანწირვით იბრძვის, მართლა იბრძვის, კი არ მუშაობს, რომ აქ დატოვებული შვილები, ქმარი, ასაკოვანი დედამთილი არჩინოს, ისინი მის გარეშე, უბრალოდ შიმშილით დაიხოცებიან, იმიტომ რომ მათი ერთადერთი შემოსავალი ოჯახის ხანდაზმული წევრის პენსიაა. ამიტომ ჩემი ჩხირივით გამხდარი მეგობარი იძულებულია, მანამდე აიტანოს ემიგრანტობის მწარე ხვედრი, სანამ საკუთარ ქვეყანას არ გაახსენდება და არ მოუხმობს.
მე დღეს ჩემს ნაცნობებზე დავწერ, მაგრამ თქვენ, სუყველა განზოგადოებული სახე ხართ გმირი ქართველი ემიგრანტი ქალების, რომლებიც ებრძვიან შიმშილს, გაჭირვებას, გულგრილობას, უვიცობას ჩვენს სამშობლოში.
12 წელია სტამბოლში ცხოვრობს, მაგრამ ამას ცხოვრებას არ ეძახის. ამბობს, რომ ეს 12 წელი ამოვარდნილია მისი ცხოვრებიდან და სადღაც უსასრულობაშია გამოკიდებული. ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ნახა შვილები, ვერ დაემშვიდობა მომაკვდავ მამას, თვალით არ უნახია ორი შვილიშვილი, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ დაიბადნენ. მაგრამ ყველაფერ ამას გმირულად უძლებს. გარედან ასე ჩანს, რომ გმირულად, თორემ რა ხდება მის თავს, როცა მარტო რჩება თავის ფიქრებთან, ამის წარმოდგენა არც ისე რთულია.
ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. წაიკითხავენ, ზოგს გულიც აუჩუყდება, მაგრამ რეალურად სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ამ სახელმწიფოს, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ათასნაირ ობმუდსმენდებს, სხვადასხვა ინსტიტუტებს არ გაახსენდებათ, რომ სადღაც ცხრა მთას იქეთ გადახვეწილ ქალებზე დგას ეს ღარიბი ქვეყანა, მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობა და რამე მნიშვნელოვანს იზამენ ამის შესაცვლელად!
ვერ გამომივიდა კარგი მისალოცი ტექსტი ამ სარვამარტოდ, მაგრამ მარტო მილოცვა რომ ვერ შველის თქვენს საქმეს, მახსოვს! სურვილებიც მხოლოდ კარგი და დადებითი მაქვს! სამშობლოში, ოჯახებში მალე დაბრუნებას გისურვებთ!