2016 წლის დასაწყისიდან ანონსდება, რომ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც გუნდის განვითარებისთვის 750 ათასი ლარის გაღებას აპირებს, თუმცა, რეალურად ვინ არის პირი, რომელიც "გურიაში" თანხის ჩადებას აპირებს, ამ დრომდე მთლად გარკვეული არ არის, ყოველ შემთხვევაში, ფართო მასებისთვის.
ხალხში გავრცელებული მითქმა-მოთქმის გასაქარწყლებლად კლუბის მესვეურებმა პრესკონფერენციაც კი გამართეს და მაქსიმალურად ეცადნენ ამომწურავი ინფორმაცია გაეცათ სპონსორის შესახებ, რომელიც აქამდე ჩრდილში ყოფნას არჩევს.
ამ პრესკონფერენციის კვალდაკვალ კლუბის ფინანსურ დირექტორს, თენგიზ კიკვაძეს გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება მოუხდა ლანჩხუთის საკრებულოს რიგი დეპუტატებისთვისაც.
კიკვაძემ აქცენტი გააკეთა კლუბში ხარჯების მნიშვნელოვან შეკვეცაზე:
"დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მომსახურეობის სფერო გამეცა ტენდერზე. პირობითად, სტადიონის მოვლა-პატრონობა კლუბს წელიწადში უჯდებოდა დაახლოებით 110 ათასი ლარი, გავუშვით ტენდერზე და 65 ათას ლარში გაიმარჯვა ინდმეწარმემ, რომელიც ვალდებულებას იღებს, აღნიშნული თანხით უზრუნველყოს სტადიონის მოვლა-პატრონობა. გარდა ამისა, ერთი წლის ვადით ტენდერით გავეცით გრიგოლეთის ბაზაც. ჩვენი გათვლებით ამ ბაზის სრულად მოვლა-პატრონობისთვის ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 48 ათასი ლარი იყო საჭირო, ტენდერის შედეგად კი 27 900 ლარად გასხვისდა. ყოველივე ამით, ჩვენ 60 ათას ლარამდე დავზოგეთ", _ აღნიშნა კლუბის ფინანსურმა დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, ტენდერზე გავიდა ფეხბურთელთა კვებაც (სულ 28 კაცი), რომლის სატენდერო თანხა 58 500 ლარს შეადგენდა, თუმცა, მოგებულია 41 200 ლარში. ტენდერი გამოცხადდა ასევე ტრანსპორტსა და აუდიტზეც. როგორც კიკვაძემ განმარტა, ამ უკანასკნელის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მარტის ბოლომდე კლუბმა ლიცენზირების მიღება შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია "გურია" ჩემპიონატიდან საერთოდ მოხსნან, ან გარკვეული ფინანსური სანქციები დააკისრონ.
რაც შეეხება ინკოგნიტო სპონსორს, კიკვაძის თქმით, "გურიის" თანაინვესტირება მიმდინარე წელს, დაახლოებით, 750 ათასი ლარით გამოიხატება და ამ თანხიდან გარკვეული ნაწილი უკვე დაიხარჯა, როგორც წინასასეზონო სამზადისისთვის, ასევე, სხვა ხარჯებისთვის. აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად ამ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, კლუბს შეხება არ აქვს და ის, რასაც სპონსორი ხარჯავს, არსად არ ფიგურირებს: "მას საზოგადოების წინაშე ოფიციალურად მარტის ბოლოსთვის წარვადგენთ, მას შემდეგ, რაც კლუბი ლიცენზირებას მიიღებს. ფაქტია, რომ "გურია" ბრენდია, როგორ თბილისის "დინამო" და ქუთაისის" ტორპედო". უპირველესად, სწორედ ამან გამოიწვია სპონსორის მხრიდან დაინტერესება ჩვენი კლუბით. მის მიზნებში შედის ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენება და გაყიდვა, საიდანაც გუნდი მოგების სახით 30%-ს მიიღებს", _ ამბობს კიკვაძე.