დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა შპს "ჯი-ემ-სი-ჯის" გურიის რეგიონული ოფისის (რომელიც გურიაში ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში") ხელმძღვანელმა დავით გოგუაძემ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გოგუაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"დიახ, პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი სამსახურიდან. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით", – გვითხრა ბატონმა დავითმა.
გურიის რეგიონული ოფისის მენეჯერის წასვლას ადასტურებს შპს "ჯი-ემ-სი-ჯის" ხელმძღვანელი მაია შინშიაშვილიც.
"დავით გოგუაძე ძალიან კარგი თანამშრომელი იყო, თუმცა თავად მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა თანამდებობა. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია", -გვითხრა შინშიაშვილმა.
მიუხედავად ოფიციალური ვერსიებისა, საზოგადოების ნაწილი დავით გოგუაძის სამსახურიდან წასვლას რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინცინდენტს უკავშირებს და მასში პოლიტიკურ ელფერს ხედავს. საქმე ისაა, რომ დავითი ლანჩხუთის ექს-გამგებლისა და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, გია გოგუაძის შვილია.
რაც შეეხება ინცინდენტს, გასულ კვირას, ლანჩხუთის ცენტრში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ფასადზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი მდებარეობს, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" საკმაოდ დიდი ზომის სარეკლამო ბანერის გაკვრა "ქართული ოცნების" რამდენიმე აქტივისტმა საჯაროდ გააპროტესტა.